მთავარიაზიაავღანეთი16 აგვისტოს ავღანეთის ტრაგედიის მასშტაბები დღემდე უცნობია

16 აგვისტოს ავღანეთის ტრაგედიის მასშტაბები დღემდე უცნობია

16 აგვისტო ავღანეთში ამერიკის ოცწლიანი ომის ქაოსური დასასრულის სიმბოლო გახდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავს, რომელიც ქაბულის აეროპორტიდან აფრინდა, ასობით სასოწარკვეთილი ავღანელი მისდევდა.
ბევრი რამ დღემდე გაურკვეველია,თუ რა მოხდა 16 აგვისტოს ტრაგიკული აფრენის დროს, ასევე უცნობია დაღუპულთა რაოდენობა.

ორი ცხედარი ერთსა და იმავე სახურავზე ერთდროულად დაეცა. ახალგზარდა ფეხბურთელი ასაფრენ ბილიკზევე გარდაიცვალა, იგი თვითმფრინავის ბორბლების ქვეშ მოჰყვა.

ასევე ბორბლებმა შეიწირა 24 წლის სტომატოლოგი ფიდა მოჰამადი. იგი ახლად დაქორწინებული იყო. მან ოცნება აიხდინა, სტომატოლოგიური კლინიკაც გახსნა, თუმცა მალევე  ქაბულში „თალიბანი“ შეიჭრა.

„ჩვენ ამერიკისგან სამართალს ვითხოვთ. ფიდა ჩვენი უფროსი ვაჟი იყო და ბევრი ფული დავხარჯეთ იმისათვის, რომ ექიმი გამხდარიყო. ახლა უსამსახუროდ ვარ, უნდა ვიზრუნო ჩემი ოჯახის 13-14 წევრზე, როგორ უნდა გადავიხადო ფიდას სწავლისთვის აღებული სესხი?“ – ამბობს ფიდას მამა ფაინდა მოჰამადი.

მას დანაშაულის შეგრძნება არ ასვენებს. თვლის, რომ ფიდა ამხელა რისკზე იმიტომ წავიდა, რომ მას ქორწილისთვის აღებული სესხის დაფარვაში დახმარებოდა. იგი მუდამ იმ ბოლო წუთებზე, იმ შიშზე ფიქრობს, რომელიც მისმა ვაჟმა განიცადა. მას წარმოდგენაც კი უჭირს, რას გრძნობდა ფიდა, როდესაც მიწას ასცდა და ხელს უშვებდა თვითმფრინავს.

ამ დროს აბდულა ვაიზი სახლში იყო და  ეძინა, იგი ძლიერმა ხმამ გააღვიძა.

„სახლში ვისვენებდი, როდესაც აფეთქების მსგავსი ხმა გავიგე, როდესაც გარშემო მიმოვიხედე არაფერი ხდებოდა. შემდეგ მეზობელმა დამიძახა, და მითხრა, რომ ჩემი სახლის სახურავზე რაღაც დაეცა. რომ ავედი, შემზარავი ფაქტის მომსწრე გავხდი. დავინახე ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც თვითმფრინავიდან გადმოცვივდა და ჩვენს სახურავზე დაეცა“, – ჰყვება აბდულა ვაიზი.

აბდულას აზრით, მათ ერთმანეთისთვის ხელი ჰქონდათ ჩაჭიდებული, რადგან ზუსტად ერთ ადგილას დაეცნენ. მან  ცხედრის ნაწილები შეაგროვა და ახლოს მდებარე მეჩეთში წაიღო.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ფიდა მოჰამადი აღმოჩნდა, მას ჯიბეში მამის სახელი და ნომერი უპოვეს.

17 წლის ზაკი ანვარი ავღანეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის ამომავალი ვარსკვლავი იყო.

იგი ძალიან ახალგაზრდა იყო და არ იცოდა, თუ როგორ ცხოვრობდნენ 90-იანი წლებში ავღანელები „თალიბანის“ მკაცრი მმართველობის ქვეშ.

თუმცა როდესაც პროვინციებში შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ, მათ შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყო.

„თალიბანმა“ სპორტის სხვადასხვა სახეობა აკრძალა, მათ შორის ფეხბურთი. ისინი ახალგაზრდებს მეჩეთში ლოცვას აიძულებდნენ. ზაკი მიხვდა, რომ იგი ოცნებას ვეღარ აისრულებდა  და საერთაშორისო თამაშებზე ვერასდროს გამოვიდოდა.
16 აგვისტოს იგი თავის უფროს ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად აეროპორტში წავიდა და შიგნით შეიპარა.

„მას ძალიან უყვარდა მესი, მუდამ მის თამაშებს უყურებდა და მასავით კარგად თამაშობდა ფეხბურთს. როდესაც იგი აეროპორტში შევიდა, დამირეკა და მითხრა, რომ თვითმფრინავთან იყო. თუ მოახერხებდა მასზე ასვლას ტელეფონის გათიშვა ან გადაგდება მოუწევდა. შემდეგ დედას დაურეკა. ორივენი ვცდილობდით მის შეჩერებას. 15 წუთის შემდეგ მისი ტელეფონიდან უცნობმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩემი ძმა თვითმფრინავის ბორბლებმა იმსხვერპლა“, – იხსენებს ზაკის ძმა, ზაქირ ანვარი.

აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ კატარში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორბლებზე ადამიანის სხეულის ნაწილები იყო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რამდენი ადამიანის. ისინი აცხადებენ, რომ გამოძიება არ დასრულებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend