მთავარი მსოფლიო რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, გერმანიაში კი არჩევნებს ელიან

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, გერმანიაში კი არჩევნებს ელიან

ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში, რუსეთის ფედერაციაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, ევროპის ყველაზე დიდ ეკონომიკაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კი საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართება.

მოსკოვსა და ბერლინს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებისათვის.

რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სიის შედეგები ამ ეტაპისთვის შემდეგია – ბარიერი გადალახა 5 პარტიამ, უმრავლესობა კი კვლავ ვლადიმერ პუტინის პარტიამ მოიპოვა, ეს კი რუსეთის მთავრობის მიერ პოლიტიკურ ოპოზიციაზე განხორციელებული ზეწოლის ფონზე მოსალოდნელი შედეგია. მაგალითად – ალექსეი ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაერთვა.

ევრონიუსის კორესპონდენტი, გალინა პოლონსკაია იუწყება:

„რუსეთის ფედერაციის პარლამენტის შემადგენლობა დიდად არ შეიცვლება. მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი მომავალ პარლამენტში მანდატთა უმრავლესობას მიიღებს, მიუხედავად ამისა, არის ორი საინტერესო ასპექტი, ერთი შეხედვით ეს შედეგი მმართველი პარტიისათვის კარგია, მაგრამ პარტია, განსაკუთრებით კი საპენსიო რეფორმის შემდეგ მხარდაჭერას კარგავს.

ასევე საინტერესოა კომუნისტური პარტიის შედეგი. კომუნისტური პარტია მეორე ადგილზე გავიდა, ეგრეთწოდებული „ჭკვიანი ხმის მიცემის“ სისტემის დამსახურება ამ თვალსაზრისით დიდია. „ჭკვიანი ხმის მიცემის“ სისტემა ალექსეი ნავალნის მიერ არის შექმნილი და ამ აპლიკაციის მიზანია მმართველი პოლიტიკური ძალის ოპონენტების პოპულარიზაცია. რუსმა სამართალდამცველებმა ყველაფერი იღონეს ინტერნეტში  აპლიკაციის დასაბლოკად. აპლიკაციასთან კავშირში მყოფი გუგლის დოკუმენტები, იუთუბის ვიდეოები, ტელეგრამის “ჩატები” და სხვა აპლიკაციები რუსეთში დაიბლოკა.

უცხოეთის ჯაშუშებად შერაცხული დამოუკიდებელი მედია საშუალებების მიერ, როგორიცაა ტვ დოჟდი, ინფორმაციით დამკვირვებლები არჩევნების გაყალბების სხვადასხვა შემთხვევებზე საუბრობენ. კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზოგიერთ რეგიონში გაყალბების შესახებ ცნობების მოკვლევა მოსთხოვა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ რომ ზოგიერთ რეგიონში დარღვევები დაფიქსირდა, მაგრამ მთლიან სურათზე ეს ერთეული შემთხვევები გავლენას არ ახდენს“, – ყვება ევრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია.

რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ცენტრალურ ევროპულ სახელმწიფოში, ანგელა მერკელი პოლიტიკიდან მიდის, შესაბამისად ბუნდესტაგის არჩევნების შედეგად გერმანიას ახალი კანცლერი ეყოლება.

დასრულდა ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის მშენებლობა, ამ პროექტის მეშვეობით რუსეთის ფედერაციას შესაძლებლობა აქვს ბუნებრივი აირი ბერლინს აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების გვერდის ავლით მიაწოდოს.

კიევში ამ პროექტის ამოქმედებასთან ერთად მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ საუბრობენ.

საკმაოდ დიდია ფინანსური ზარალიც, რომელიც კიევს პროექტის ამოქმედებით მიადგება. საინტერესოა, თუ რა აღმოსავლეთ ევროპულ პოლიტიკას გაატარებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი კანცლერი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend