მთავარი საქართველო კოვიდინფიცირებულმა ამომრჩევლებმა 2 ოქტომბერს შესაძლოა ხმის მიცემა ვერ შეძლონ

კოვიდინფიცირებულმა ამომრჩევლებმა 2 ოქტომბერს შესაძლოა ხმის მიცემა ვერ შეძლონ

ცესკო სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის სპეციალური უბნების შექმნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობს

შესაძლოა კოვიდინფიცირებულმა, ასევე სამკურნალო დაწესებულებებში, იზოლაციასა და კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლონ.

ცესკო სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის სპეციალური უბნების შექმნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულმა დოკუმენტმა 19 სექტემბრის სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების სრული მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

17 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი სპეციალური უბნების გახსნის საკითხს, დადგენილების მისაღებად კი 12 მათგანის მხარდაჭერა იყო საჭირო.

მთავარი არგუმენტი, რაც სპეციალური უბნების გახსნის მოწინააღმდეგე კომისიის წევრებს აქვთ, არის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დაინფიცირების რისკი და სპეციალურ უბნებზე საარჩევნო პროცესის სრულყოფილად ადმინისტრირება. საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობის მიხედვით, ჯერ ისევ აქვს ვადა იმსჯელოს სპეციალური უბნების შექმნის საკითხზე, თუკი კომისიის რომელიმე წევრი ამ საკითხს სხდომის დღის წესრიგში დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ 23 აგვისტოს ცესკოს სხდომაზე კომისიამ მიიღო რამდენიმე დადგენილება, მათ შორის სპეციალური უბნების შესახებ, სადაც სპეციალურ სიაში დასარეგისტრირებლად ამომრჩევლებისთვის ვადაც განისაზღვრა და ეს 27 სექტემბრის 22:00 საათი იყო.

ეს მეორე არჩევნებია, რომელიც საქართველოში პანდემიის დროს ჩატარდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იზოლაციაში, კარანტინსა და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს ცესკოს გადაწყვეტილებით, სპეციალური რეგისტრაციის გავლის შემდეგ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend