მთავარიმსოფლიოევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის "უსაფრთხოების პაქტს" აკრიტიკებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის “უსაფრთხოების პაქტს” აკრიტიკებენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადეს, რომ ერთობლივი “უსაფრთხოების პაქტი” – „აუკუსი“ შეიმუშავეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფდნენ. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული შეფასება მოჰყვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული „უსაფრთხოების პაქტი“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საფრანგეთმა ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავებით მომარაგების პროექტი ორი წლის წინ მოიგო და მაშინ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს ტენდერის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

,,ეს გადაწყვეტილება მართლაც ზურგში ჩარტყმაა, ჩვენ იმედს ვამყარებდით ავსტრალიაზე, თუმცა მათ უღალატეს ამ ნდობას. მე გაბრაზებული ვარ დღეს იმ ხელშეკრულების დარღვევის გამო, რომელიც ჩვენსა და ავსტრალიას შორის არსებობდა. ორწლიანი მოლაპარაკებები მიდიოდა ამ კონტრაქტზე“,- განაცხადა საფრანგეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკას მალევე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მან განაცხადა, რომ „აუკუსის“ პაქტის შესახებ საფრანგეთი ინფორმირებული იყო.

,,ეს პარტნიორობა ავსტრალიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთგვარი ნიშანია, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენ მივესალმებით ევროპის ქვეყნებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდო-წყნარ ოკეანეში და ველით ნატოსთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას. კერძოდ, საფრანგეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომ ეს და სხვა მრავალი საკითხი სწორად გადავწყვიტოთ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

უსაფრთხოების ახალი პაქტი გააკრიტიკა ჩინეთმაც. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, ახალი გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

,,აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის თანამშრომლობა და ავსტრალიაში  ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგება რეგიონში მშვიდობას და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ძალისხმევას, რომ არ გავრცელებულიყო ბირთვული იარაღი. ეს უაღრესად უპასუხისმგებლო განცხადებაა“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ერთობლივი „უსაფრთხოების პაქტის” შესახებ ამ ქვეყნების ლიდერებმა განცხადება 16 სექტემბერს გაავრცელეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend