მთავარი გადაცემები გლობალური საუბარი ტიმოთი გარტონ ეში - ვიქტორ ორბანი თავის გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევს

ტიმოთი გარტონ ეში – ვიქტორ ორბანი თავის გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევს

ტიმოთი გარტონ ეში ბრიტანელი ისტორიკოსი, მწერალი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი. იგი ევრიპის ისტორიის, პოლიტიკისა და მიმიდნარე საქმეების წამყვან ექსპერტად ითვლება. თავისი ხანგრძლივის კარიერის მანძილზე ტიმოთი გარტონ ეშმა 10 წიგნი დაწერა პოლიტიკურ საკითხებზე. იგი ასევე არის ისაია ბერლინის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანტონის კოლეჯის პროფესორი და სტანფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი. მისი ნაშრომები რეგულარულად ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემებში, იგი ასევე წერს სტატიებს საერთაშორისო საკითხებზე ბრიტანული გაზეთ „გარდიანში“.

ევროპის ისტორიის სახლში „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტიმოთი გარტონ ეშმა ისაუბრა ავღანეთიდან ჯარების გაყვანზე, ევროკავშირის ღირებულებებზე, მისი წევრი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ანგელა მერკელის პოლიტკაზე.

ევრონიუსი:

როგორ გგონიათ, რამდენად შევა ავღანეთიდან  ნატოს ქაოტური გამოსვლა ისტორიის სახელმძღვანელოებში?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„მე ვფიქრობ, რომ კი, რადგან პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შექმნა ის ვითარება, რომელზეც ყველა ევროპელი საუბრობს, ვგულისხმობ სტრატეგიულ ავტონომიას და ევროპულ სუვერენიტეტს. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ევროპელი ლიდერების უმეტესობა ლტოლვილებსა და ახალი მიგრაციული კრიზისის საშიშროებაზე საუბრობს, ნაცვლად იმისა, რომ ის თქვან, რაც სათქმელია,  რომ ეს სტრატეგიული ავტონომიის გაფართოების საშუალებას იძლევა.  ავღანეთის სტაბილურობას 2500 ამერიკელი ჯარისკაცი განაპირობებდა, მხოლოდ საფრანგეთსა და ბრიტანეთს ერთად  კი 10 ათასკაციანი სწრაფი რეაგირების სამხედრო ნაწილი ჰყავთ. რატომ არ ვსაუბრობდით ევროპელები, თუ როგორ შეგვეძლო მათი გამოყენება?

ეს მარცხი ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს 20-წლიანი მისია ამაო იყო?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„ეს უზარმაზარი მარცხია და ყველა იმ ადამიანის საშინელი ღალატი, რომლებსაც ვუთხარით, რომ შეეძლოთ, თავისუფალი და თანაბარუფლებიანი ყოფილიყვნენ, განასაკუთრებით ეს ქალებსა და გოგონებს ეხებათ. ეს საშინელი ღალატია. ეს მარცხია. და ტერორისტები ბრუნდებიან. ამიტომ დიახ, ეს უნდა ითქვას. თან ორი ტრილიონი დოლარი წყალშია გადაყრილი. ძალიან რთულია,  ამ ამბავში დადებითი მხარე დაინახო.“

შეგვიძლია, ისევ გავაგრძელოთ დასავლური დემოკრატიის ექსპორტი მსოფლიოს სხვა რეგიონებში, თუ  უნდა შევწყვიტოთ ეს საქმე?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„ვერ ვიტყვი, თითქოს არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ ავღანელების მთელი თაობა გაიზარდა შედარებით თავისუფალ გარემოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალებისთვის მეტი თავისუფლების, განათლებისა და მუშაობის საშუალების მიცემა. ამიტომ ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ გარკვეულ ვითარებაში ეს აღარ უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ან ერთი უნდა გააკეთო, ან – მეორე. ან შედიხარ იქ, უსწორდები ყველაზე ცუდ ხალხს და გამოდიხარ 2003 ან 2004 წელს, ან ამბობ, რომ აქ დიდი ხნით მოვედი, როგორც ამას ვაკეთებთ სხვაგან, ჩვენთვის უფრო ახლო უცხოეთში. ჩემი აზრით, იქ ხანგრძლივი ყოფნისთვის ძალიან მყარი საფუძველი არსებობს. თუ ავღანეთში ხუთი ან ათი ათასი ჯარისკაცი გვეყოლება, შეიძლება ავღანელი ქალების კიდევ ერთ თაობას ჰქონდეს ბევრად უკეთესი ცხოვრება.“

ხომ არ გგონიათ, რომ დასავლეთმა ამ საკითხთან დაკავშირებით ნდობა დაკარგა?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„ნამდვილად. ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოები დაიხურა, რუსეთისა და ჩინეთის ჯერ კიდევ ღიაა. კიდევ რამის თქმაა საჭირო?“

მოდით, ფასეულობებზე ვისაუბროთ. რატომ არის ევროკავშირის ძირითადი ფასეულობების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა ევროპაში?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„ჩემი აზრით, ევროკავშირმა, რომელმაც ფასეულობები თავისი საბაზისო ხელშეკრულების მეორე მუხლში ზუსტი განმარტების გარეშე ჩადო, ახლა განსაზღვრა ეს ღირებულებები. ახლა გვაქვს ევროკავშირის ფასეულობები, რომლებსაც მასიურად არღვევენ უნგრეთსა და პოლონეთში. და მგონია, რომ უნდა დავიცვათ ეს ფასეულობები.

როგორ უნდა დავიცვათ?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„ვიქტორ ორბანი თავის გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევს. იგი არჩვენებს იმით იგებს, რომ ბრიუსელს აჩერებს და ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს. თუმცა გადასახადების ევროპელი გადამხდელებისაგან მილიარდებს იღებს. ამას ეფექტური პასუხი რომ გაეცეს, ევროპულ ფასეულობებსა და ევროპის ფულს შორის კავშირი უნდა დადგინდეს. აქამდე ევროკავშირმა ეს ვერ მოახერხა.“

როგორ გგონიათ, გონივრული იქნება, რომ ევროპის ფასულობები ფულზე გაიცვალოს?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„რასაკვირველია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, რომ ევროკავშირში გყავს წევრი სახელმწიფო, რომელიც, ჩემი აზრით, აღარ არის დემოკრატიული, რომელმაც დაარღვია მედიის თავისუფლება, რომელსაც არ აქვს სამართლიანი არჩევნები, აქვს თავისუფალი, მაგრამ არასამართლიანი არჩევნები. ამ სახელმწიფომ ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი გააგდო, ის წარმოუდგენელ ქსენოფობიურ პროპაგანდას ეწევა, მიგრანტებთან დამოკიდებულებაც გასათვალისწინებელია და ასე შემდეგ. ის ჯერ კიდევ იღებს მილიარდობით ევროს ევროკავშირის ფონდებიდან. ეს აღმაშფოთებელია.“

თქვენ თვლით, რომ ვიქტორ ორბანის ანტილიბერალიზმი ევროკავშირისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„ეჭვგარეშეა. იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია…ძალიან ღრმად უნდა ჩავიხედოთ ისტორიაში, რომ ვიპოვოთ პერიოდი, როდესაც უნგრეთის მმართველი ასეთი მნიშვნელოვანი იყო ევროპის ისტორიისთვის. ჩვენ ევროპის ისტორიის სახლში ვსხედვართ. და ეს იმიტომ ხდება, რომ ეს კაცი სხვა ევროპის სიმბოლურ ლიდერად იქცა, კონსერვატიული, ანტილიბერალური, ეთნიკურ-ნაციონალისტური, ქრისტიანული, სოციალურად კონსერვატიული ევროპისა. მატეო სალვინი, მარინ ლე პენი, ნაიჯელ ფარაჯი, ხეერტ ვილდერსი – ყველანი მის მხარეს დგანან. ასე რომ, იგი ევროკავშირის მხოლოდ ერთ საშუალო ზომის წევრ ქვეყანას კი არ წარმოადგენს, არამედ ძალიან მნიშვნელოვან ტენდნეციას ევროკავშირში.“

მილიონობით ამომრჩეველი იმავეს ამბობს, რასაც ვიქტორ ორბანი. იგი ამბობს, რომ  უნდა დავიბრუნოთ დამოუკიდებლობა ბრიუსელისგან.  ეს შესაძლოა ამ ტიპის პოლიტიკური მოძრაობისთვის კარგი არგუმენტი იყოს. როგორ გგონიათ, ბრიუსელმა უნდა მიხედოს ამ საკითხს?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„სუვერენიტეტს?“

დიახ, წევრი ქვეყნებისთვის გარკვეული სუვერენიტეტის დაბრუნებას.

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„ერთ მხარეს გვაქვს ბრიტანელების გულწრფელი სისულელე, მათ თქვეს, მეტი დამოუკიდებლობა გვინდაო და გავიდნენ. მეორე მხარეს კი გვაქვს ვიქტორ ორბანის უნგრეთის უსინდისო  გამჭრიახობა, იგი მეტ დამოუკიდებლობაზე საუბრობს, მაგრამ რჩება ევროკავშირში  და მისი ყველა სიკეთით სარგებლობს. ასე რომ, ბრიტანელების გასვლის სისულელე, გარკვეულწილად, უფრო პატიოსანი საქციელია.“

როგორ გგონიათ, ანგელა მერკელიც შევა ისტორიის სახელმძღვანელოებში?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„ღმერთია მოწამე, ეს მართვის ყველაზე შესანიშნავი პერიოდია. ასე რომ, მას მთელი თავი დაეთმობა, ერთი გვერდი კი არა. ჩემი აზრით, მისი შეფასება არ იქნება ერთგვაროვანი.  იგი საუკეთესო გერმანიის განსახიერებაა, რაც კი ოდესმე გვიხილავს, ცივილური, ზომიერი, ლიბერალური, ქალური, ყოველმხრივ დადებითი გაგებით. მაგრამ უმოქმედობის კუთხით ბევრი ცოდვა აწევს, დაწყებული ევროზონის კრიზისით, როდესაც გაბედულად არ იმოქმედა, რეფორმების მხრივ, რომლებიც არ გაატარა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, დამთავრებული ევროპის ერთიანი საგარეო პოლიტიკის უქონლობით. ევროზონა ჯერ ისევ არ არის სრულად დაცული, რადგან ყველა ამბობს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების ფონდი დროებითია. ასე რომ, მერკელის შემცვლელს კიდევ ბევრი ექნება გასაკეთებელი.“

ევროკავშირის ღირებულებების მხრივ რა იქნება მისი მემკვიდრეობა?

ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების პროფესორი:

„ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რადგან იგი, რასაკვირველია, ყოველმხრივ განასახიერებს დადებით, ლიბერალურ, ლიბერალურ-კონსერვატიულ ევროპულ ფასეულობებს, ამაში შედის მერკელის თავდაპირველი პასუხი ლტოლვილების კრიზისზე. მეორე მხრივ, თუ ვიკითხავთ, რატომ  დაირღვა ეს ფასეულობები ასე ძალიან უნგრეთში, აღმოჩნდება, რომ ერთადერთი  დასავლეთევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ამაზე ყველაზე მეტას აგებს პასუხს, არის ანგელა მერკელი. რადგან სწორედ  მას, როგორც გერმანიის კანცლერს, შესწევდა ამის შეჩერების ძალა და მან არ გამოიყენა ეს ძალა. ასე რომ, მისი შეფასება არ იქნება ერთგვაროვანი.“

ავტორი: შანდორ ჟიროში

უახლესი

სხვა ამბები

ტიმოთი გარტონ ეშიტიმოთი გარტონ ეში

Send this to a friend