ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავღანელების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მედიკამენტების დეფიციტის გამო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ.
გრძელი რიგია ბანკებთანაც. ხალხი თანხის გამოტანას ცდილობს. მათ ეშინიათ, კუთვნილი მცირე დანაზოგიც არ დაკარგონ.
ქაბულში ექიმები და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში მცირე ან ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ავღანეთის საავადმყოფოებში კატასტროფული მდგომარეობაა მედიკამენტების მომარაგების მხრივ.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ექიმები წამლებისა და მედიკამენტების სიმცირეზე საუბრობენ და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ, ავღანეთი არ დაივიწყონ.
ერთ-ერთი ავღანელი ექიმი, რომელიც ვინაობას არ ამხელს, აღნიშნავს, რომ ავღანელი ხალხის მიტოვება მისთვის მიუღებელია. მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოება მხარში უნდა ამოუდგეს ავღანელ ხალხს და დაეხმაროს ექიმებს.
მოსახლეობა დანაზოგის დაკარგვის შიშის გამო ბანკებთან გრძელ რიგებში დგას და თანხის გამოტანას ცდილობს. ისინი ამბობენ, რომ დღეს ავღანეთში ცხოვრება ძალიან რთულია.
ახალ პრობლემებთან ერთად „თალიბანი“ ცდილობს, ყურადღება წინა ხელისუფლების ნაკლოვანებაზე გადაიტანოს. მოძრაობის წევრებმა ტელეკომპანია „სკაი ნიუსის“ ჟურნალისტს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და თავზე ხელაღებული მებრძოლის აბდულ რაშიდ დოსტუმის სასახლე დაათვალიერებინეს.
შენობას ახლა „თალიბანის“ მებრძოლები იკავებენ. მდიდრული სასახლე წინა ხელისუფლების კორუფციისა და სოციალური დაყოფის სიმბოლოდ იქცა. მათი მმართველობის დროსაც ჩვეულებრივი მოქალაქეები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ.
საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, გამონახოს გზები უბრალო ავღანელებს დასახმარებლად, ისე რომ ავღანეთის ახალი ხელისუფლების – „თალიბანის“ ჯიბეები არ შეივსოს.