რუსეთის ფედერაციაში 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებზე ზეწოლას აძლიერებს, ბევრ ოპოზიციონერს არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც უკრძალავენ.
ოპოზიციონერთა ნაწილს სამართლებრივად დევნიან, ნაწილს კი – სამშობლოდან წასვლას აიძულებენ.
მარინა ლიტვინოვიჩი ოპოზიციონერთა იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა.
„როდესაც იმის შიში გაქვს, რომ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა უეცრად აგიკრძალონ ან პოლიცია სახლში გეწვიოს, კრიმინალად გამოგაცხადონ, საკმაოდ რთულია ამ პირობებში წინსვლაზე ფიქრი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მომავალზე ვფიქრობთ“, – ამბობს პარლამენტის წევრობის კანდიდატი მარინა ლიტვინოვიჩი.
მარინა ლიტვინოვიჩი დიდი ხნის განმავლობაში საჯარო მონიტორინგის კომისიის წევრი იყო, ამ სახელმწიფო ორგანოს დანიშნულება კი სამართალდამცველების მიერ პატიმართა მოპყრობის კონტროლია. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებულ თანამებრძოლებზე არსებული ზეწოლის გამოაშკარავების შემდეგ ის სამსახურიდან დაითხოვეს.
„მათ ყველა გაანადგურეს, ნებისმიერი ვინც რამეს წარმოადგენდა, ნებისმიერი ვისაც რაიმე პოლიტიკური პოტენციალი გააჩნდა“, – ამბობს მარინა ლიტვინოვიჩი.
კრემლის კიდევ ერთი ოპონენტი, ყოფილი იურისტი დმიტრი გუდკოვი ივნისში დეიდასთან ერთად ორი დღით დააპატიმრეს. მან სამშობლო ციხიდან გათავისუფლებისთანავე დატოვა.
„პოლიციამ ჩემს დეიდას 6 წლის წინანდელი ვალი აღმოუჩინა, რომელიც მას სარდაფის დაქირავების შედეგად აქვს, შედეგად ჩვენ ორნი ორი დღით დაგვაკავეს. მე პოლიციაში მითხრეს რომ თუ ჩემს კანდიდატურას არ მოვხსნიდი და ქვეყანას არ დავტოვებდი, მე და ჩემს დეიდას დიდი ხნით დაგვაპატიმრებდნენ“, – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი.
ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინის ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი ამჟამად 2 წლინახევრიან სასჯელს იხდის.
ოპოზიციონერის განცხადებით, მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ეს სასჯელი კი პოლიტიკურად არის მოტივირებული. სამართლებრივი პრობლემები შეექმნათ ალექსეი ნავალნის თანამებრძოლებსაც, მისი პარტიის არცერთ წევრს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
პოლიტიკის მკვლევარი აბას გალიამოვი აცხადებს რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები კრემლისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან ვლადიმერ პუტინს საკანონმდებლო ორგანოზე სრული კონტროლის შენარჩუნება სურს.
„კრემლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქმედების თავისუფლება ჰქონდეთ. ვლადიმერ პუტინს სურს დარწმუნებული იყოს რომ პარლამენტი მის ნებისმიერ წინადადებას დაუჭერს მხარს, იქნება ეს კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რაიმე რეფორმა თუ მინისტრის ახალი კანდიდატურა“, – მიიჩნევს პოლიტიკის მკვლევარი აბას გალიამოვი.
ამ საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტს ძალაუფლება 2024 წელსაც ექნება, 2024 წელს კი ვლადიმერ პუტინს გადასაწყვეტი იქნება იყრის თუ არა კენჭს კიდევ ერთხელ.
რუსულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში არ მალავენ, რომ კრემლის მიერ გატარებულმა ძალადობრივმა პოლიტიკამ ისინი მეტად დააზიანა. მიუხედავად ამისა, ისინი იმედს არ კარგავენ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებას განაგრძობენ.