მთავარი აზია ავღანეთი იმედგაცრუებული ავღანელი ქალები ფიქრობენ, რომ ევაკუაციის დროს ისინი მიატოვეს

იმედგაცრუებული ავღანელი ქალები ფიქრობენ, რომ ევაკუაციის დროს ისინი მიატოვეს

ავღანეთში „თალიბანის“ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ უცხო ქვეყნების სამსახურში დასაქმებული არაერთი ქალი და უმცირესობის წარმომადგენელი მუდმივი შიშისა და წნეხის ქვეშ ცხოვრობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „თალიბანმა“ კარდაკარ დაიწყო სიარული და მათი ძებნა. ქალები აცხადებენ, რომ მათ ავღანეთში არანაირი უფლება არ გააჩნიათ, ხოლო ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ მათმა დამსაქმებლებმა ისინი ბედის ანაბარა მიატოვეს.

ავღანეთში მცხოვრებ ქალებს „თალიბანის“ ახალი რეჟიმის ეშინიათ. ისინი იმედგაცრუებულიც არიან, რადგან გასული თვის ევაკუაციის დროს ქალები, ფაქტობრივად, მიატოვეს. ოფიციალურად, პირველ რიგში, დახმარება იმ პირებისთვის უნდა აღმოეჩინათ, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში მუშაობდნენ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბანმა“ ანგარიშსწორება გადაწყვიტა და  კარდაკარ სიარული დაიწყო.

„თალიბანის“ ერთ-ერთი მებრძოლი აცხადებს, რომ ავღანეთში ისლამური საზოგადოებაა და არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ვინმეს  ჰიჯაბის ტარებისკენ მოუწოდონ. მისი თქმით, ისედაც ყველა  ემორჩილება წესებს.

ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობდა,  იმედგაცრუებულია, რადგან თავშესაფართან დაკავშირებით არცერთ განაცხადსა თუ გზავნილზე პასუხი არ მიუღია.

მეორე ქალმა, რომელიც ერთ-ერთი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციაში ქალთა უფლებების დასაცავად მუშაობდა, ბრიტანეთისგან პირობა მიიღო, რომ ქვეყნიდან გაიყვანდნენ, თუმცა ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ ეს ვეღარ მოხერხდა.

ერთ-ერთი ქალი, რომელიც ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ამხელს, ამბობს, რომ ავღანეთში მისი ბედით არავინ ინტერესდება, ამას ერთი მიზეზი აქვს – იგი ქალია. მას მამაკაცის გარეშე სახლიდან გამოსვლის უფლებაც არ აქვს,  რადგან, მისი თქმით, ქვეყანაში უთანასწორობაა. მას არ აქვს ის უფლებები, რომლებიც მამაკაცებს აქვთ. მათთვის იგი არაფერს წარმოადგენს. მას სიკვდილის ეშინია, ამიტომ  იძულებულია, მეგობრებთან დარჩეს. ახალგაზრდა ქალი წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკელებთან, ამიტომ მისთვის ამოუხსნელია, რატომ დატოვეს უყურადღებოდ.  მას ნელ-ნელა სიძულვილიც კი იპყრობს.

გასულ თვეს დასავლეთის ჯარების გასვლისა და „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სხვადასხვა ფინანსურ და პოლიტიკურ ბერკეტებს იყენებენ, რათა „თალიბანს“ 1990 წლის სცენარი არ გაემეორებინა. მაშინ „თალიბებმა“  შარიათის კანონი კიდევ უფრო გაამკაცრეს, რასაც  ქალთა და უმცირესობათა უფლებების შეზღუდვა მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend