მთავარიამერიკააშშატლანტის ზოოპარკში თვრამეტ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა

ატლანტის ზოოპარკში თვრამეტ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა

ატლანტის ზოოპარკში დასავლეთის დაბლობის 18 გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორისაა 60 წლის ოზი, ზოოპარკის  ყველაზე ხნიერი ბინადარი გორილა. ზოოპარკში აცხადებენ, რომ გასულ პარასკევს თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ გორილებს ხველა და სურდო დაეწყოთ, მათ მადაც დაეკარგათ. ჯორჯიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შედეგებით კი გაირკვა, რომ გორილები კორონავირუსით არიან ინფიცირებული.

ატლანტის ზოოპარკის ცხოველთა ჯანმრთელობის განყოფილების დირექტორის სემ რივერას განცხადებით, კორონავირუსი 20 გორილიდან 18-ს დაუდასტურდა.

ატლანტის ზოოპარკში ამბობენ, რომ მათ გააგზავნეს ნიმუშები აიოვის შტატში მდებარე ეროვნული ვეტერინარული მომსახურების ლაბორატორიაში. კვლევამ აჩვენა,  რომ ოთხ გორილას კორონავირუსის დელტა ვარიანტი დაუდასტურდა.

ცხოველთა ჯანმრთელობის განყოფილებაში ფიქრობენ, რომ გორილებს კორონავირუსი ზოოპარკის ერთ-ერთი თანამშრომლისგან გადაედოთ. მომვლელს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, ამიტომ სამსახურში ჩვეულებრივ მივიდა. ზოოპარკის პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანს გაციების ნიშნები აქვს, იმ დღეს სახლში უნდა დარჩეს.  მომვლელს სიმპტომური ნიშნები მხოლოდ მეორე დღეს გამოუვლინდა, ხოლო ტესტირების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ იგი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ზოოპარკის თანამშრომლების თქმით,  არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კოვიდ 19 ადამიანებს გორილებისგანაც გადაედოთ. ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ ცხოველები დამთვალიერებლებისგან საკმაოდ შორს არიან. ზოოპარკის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ზოოპარკში გორილების ვეტერინარული ვაქცინით აცრა იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend