მთავარისაქართველოზურაბ ნიჟარაძის გამოფენა წინანდალში

ზურაბ ნიჟარაძის გამოფენა წინანდალში

„განსაკუთრებული ფერწერული გამომსახველობა, საოცარი ნიუანსები და ფერით შექმნილი მელოდიურობა…“ ასე ახასიათებენ კოლეგები და ხელოვნებისმცოდნეები ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრებს. ამ გამორჩეული ნამუშევრების ხილვა ახლა დამთვალიერებელს წინანდალში შეუძლია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, წელს, პირველად არის ასეთი კამერული გამოფენა. მნიშვნელოვანი იყო ამ სივრცის შერჩევა იმიტომ, რომ ეს აკადემიური და კამერული გამოფენა მის შემოქმედებას უფრო კარგად გამოავლენს. რამდენიმე ნამუშევარია წარმოდგენილი და დამთვალიერებლისთვის ფერწერული ხაზიც და გრაფიკაც არის ხელმისაწვდომი“, -ამბობს კურატორი მარიამ კაკაბაძე.

გამოფენაზე ზურაბ ნიჟარაძის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ნახატებია წარმოდგენილი. პიკო ხატავდა ფერწერულ ტილოებს, გრაფიკულ ნამუშევრებსა და წიგნის ილუსტრაციებს.
მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი ზურაბ ნიჟარაძის ყოფილი სტუდენტია…

„ზურა ჩემი პირველი მასწავლებელი იყო და ძალიან ბევრი რამ მომცა. მან ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, არა მარტო როგორც მხატვარმა, არამედ როგორც დიდმა პიროვნებამ, რომელმაც არასდროს არ გადაუხვია თავის გზას, არც საბჭოთა კავშირის დროს და არც მერე… ერთი მხრივ, მიხარია, რომ გამოფენა აქ არის, მაგრამ მეორე მხრივ, გული დამწყვიტა, ზურა რომ წავიდა. ზურას ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ქართულ ხელოვნებაზე. ზურას და მისი თანამოაზრეების ხელოვნება ერთი დიდი ეტაპი იყო“, – ამბობს გოგი ალექსი-მესხიშვილი.

ხელოვნებისმცოდნე ნინო ხუნდაძე ამბობს, რომ სოციალიზმის ეპოქაში ზურაბ ნიჟარაძემ ქართულ მხატვრობას შემოქმედებითი თავისუფლება და ორიგინალურობა დაუბრუნა. მისი ნამუშევრები უჩვეულო და მრავალფეროვანია. ნინო ხუნდაძის თქმით, მხატვარი მუდმივად ცდილობს ყოფითი სიტუაციების, პორტრეტებისა თუ ნებისმიერი კომპოზიციის ხატვისას სულ სხვაგვარი სიახლის სული შემოიტანოს.

„დარწმუნებული ვარ, მისი შემოქმედება საუკუნეებს გაუძლებს, იმდენად ღრმა, იმდენად გააზრებული, იმდენად ნაფიქრი და განსაკუთრებულ აზროვნებაზე დაფუძნებული გახლავთ. ის არის ფერმწერი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელსაც ალბათ აღარ სჭირდებოდა სპეციალურად იმის გააზრება, რა უნდა დაეხატა, როგორ უნდა შეექმნა ეს ყველაფერი. შემიძლია, მას სამყაროს შემოქმედი ვუწოდო, რომელიც კლასიკურ ბერძნულ ხელოვნებას მიიჩნევდა შემოქმედების საფუძვლად და რომელსაც ჰქონდა მთლიანობის არაჩვეულებრივი აღქმა და შეგრძნება“, – აღნიშნა ხელოვნებისმცოდნე ნინო ხუნდაძემ „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში.

ქართული მხატვრობის მოყვარულებს ზურაბ ნიჟარაძის – პიკოს ნამუშევრების ხილვის შესაძლებლობა წინანდლის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 25 სექტემბრის ჩათვლით ექნებათ.

„ეს პირველი მისი გამოფენაა მისი გარდაცვალების მერე. ის სულ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. მაგრამ შემოქმედება რჩება. ეს ადამიანი, როგორც დიდი ქართველი ხელოვანი და დიდი ქართველი მხატვარი, ყოველთვის დარჩება. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს თაობა ნელ-ნელა უკვე მიდის, მაგრამ გვიტოვებს ისეთ შესანიშნავ შემოქმედებას, ნამუშევრებს, რომლებიც ყოველთვის გამოიწვევს მნიშვნელოვან და კარგ ემოციებს. ის არ იყო მარტო მხატვარი, ის იყო ძალიან ერუდირებული, ძალიან ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანი. ქართველები უნდა ვიყოთ ბედნიერი, რომ ასეთი ხელოვანები ამშვენებენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას,“ – განაცხადა „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები კიდევ არაერთხელ გამოიფინება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ახლა კი მას, ვისაც პიკოს განუმეორებელი ფერწერა უყვარს, მისი ნამუშევრების ნახვა წინანდალში შეუძლია.

თორნიკე კოპლატაძე, „ევრონიუს ჯორჯია“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend