მთავარიამერიკააშშმიუზიკლი 20 წლის წინანდელ ტრაგედიაზე

მიუზიკლი 20 წლის წინანდელ ტრაგედიაზე

პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ბროდვეის მიუზიკლმა ხალხი კვლავ შეკრიბა, თეატრალურმა დასმა დადგა სპექტაკლი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ შემზარავ მოვლენას ეხება.
ნიუ-იორკში მდებარე ჯერალდ შონფელდის თეატრის კარი წარმოდგენის გადასაღებად მაისში რამდენიმე კვირით კვლავ გაიღო.

სპექტაკლი „ჩამოსულები“ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ პერიოდზე მოგვითხრობს.

„იმ სპექტაკლის გადაღება, რომელზეც მრავალი წელი ვმუშაობდით, ძალიან ამაღელვებელი იყო. ვეცადეთ, რომ სპექტაკლის არსი სწორად გადმოგვეცა, ამავდროულად, ფილმის გადაღებაც გვინდოდა. კამერა შეიძლება ისეთ ადგილას ყოფილიყო, სადაც მაყურებელი  ვერასდროს მოხვდებოდა. 10 კამერით ვმუშაობდით და მართლა ბევრი საინტერესო კადრი გადავიღეთ“, – ამბობს მიუზიკლის რეჟისორი ქრისტოფერ ეშლი.

მიუზიკლი პირველად 2013 წელს დაიდგა, ახლა კი ტერაქტიდან 20 წლის თავზე, „ეფლ ტივი პლუსის“ მეშვეობით, „ჩამოსულების“ ნახვა ხალხს  პარასკევს სახლიდანაც  შეეძლება.

„კრისს ერთი დუბლით უყვარს გადაღება, ამიტომ გადაღების დროს, ერთ კვირაში, სპექტაკლი ალბათ 12- ჯერ გავმართეთ.  შემდეგ, რა თქმა უნდა, დავუბრუნდით და კონკრეტული სცენები გადავიღეთ. პირადად მე გავაანალიზე, რომ კამერასთან უნდა მემეგობრა, და ამავდროულად, არ შემემჩნია, რომ კამერა იქვე იყო. თან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, როგორ გამოჩნდებოდა ჩვენი თამაში ეკრანზე, თუმცა კრისმა მართლა არაჩვეულებრივად იმუშავა და ჩვენც მას ბოლომდე ვენდეთ. მგონია, რომ ფილმი წარმატებული იქნება“, – იხსენებს მსახიობი ჯენ კოლელა.

მოქმედება ხდება კანადის პატარა ქალაქში, რომელმაც აშშ-ის მთავრობის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ 7000-მდე მგზავრი შეიფარა.

რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქში ათობით ქვეყნიდან 38 თვითმფრინავი დაეშვა. ადგილობრივები მოხალისეებად მუშაობდნენ და მგზავრებს საკვებსა თუ ღამის გასათევ ადგილს სთავაზობდნენ.

„უნდა აარჩიო და გადაწყვიტო, კადრები როგორ გადაიღო. უნდა შეგეძლოს სცენის ზემოდან თუ უკნიდან გადაღება. უნდა შექმნა ისეთი რამ, რაც საუკეთესოდ წარმოაჩენს ამ წარმოდგენას. ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი  გამოვიდა“, – ამბობს მწერალი ირენ საკნოფი.

დასი 12 მსახიობისგან შედგება. მიუზიკლში გადმოცემულია გულუხვობის, თანაგრძნობისა და ურთიერთგაგების იმდროინდელი ნამდვილი ისტორიები, ეს ის დრო იყო, როდესაც ამერიკელები შიშითა და ეჭვით იყვნენ შეპყრობილი.

„ეს სპექტაკლი ბევრჯერ დაგვიდგამს, თუმცა ახლა მითითებები გაქვს, გარკვეულ ადგილებში არ უნდა გაიხედო. ჩვენ რასაც ვართ მიჩვეული, იმისგან ძალიან განსხვავებული ქორეოგრაფიაა. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. კრისი და სხვა შემოქმედები ძალიან გვეხმარებოდნენ, რომ ყველაფერი სწორად გაგვეკეთებინა“, –  იხსენებს მსახიობი დე’ლონ გრანტი.

გადაღებების ბოლო დღეს ესწრებოდნენ 11 სექტემბერს გადარჩენილები და წინა ხაზზე მომუშავეები. ისინი მსახიობებს შეძახილებით, აპლოდისმენტებითა და ცრემლებით შეეგებნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend