მთავარისაქართველოვაქცინაციის ტემპი 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში ყველაზე დაბალია

ვაქცინაციის ტემპი 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში ყველაზე დაბალია

ვაქცინაციის ტემპი, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში ყველაზე დაბალია, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში კი ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება.

კოვიდკლინიკებში ინფიცირებულთა შორის ასევე მაღალია 60 წელს გადაცილებული პირების რაოდენობა. ჯანდაცვის სამინისტროში ამის მიზეზადაც აუცრელობას ასახელებენ და სპეციალურად ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის წამახალისებელ ღონისძიებებზე მსჯელობენ.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებით ნებაყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა. შემდეგი ნაბიჯი კი ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვიმსჯელოთ ფინანსურად წამახალისებელ სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომლებიც შეიძლება მოტივატორი აღმოჩნდეს ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის. თუმცა, მხოლოდ ეს არ იქნება. ჩვენ რეგიონების წარმომადგენლებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რათა გამოიკვეთოს, რომელ რეგიონში რომელი ღონისძიება შეიძლება იყოს ეფექტური”, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

იმუნიზაციის საბჭო ქვეყანაში 12 წელს ზემოთ იმ ბავშვების ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე მსჯელობს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ იმ მოზარდებს, რომლებსაც არანაირი ქრონიკული დაავადება არ აწუხებთ, კორონავირუსი მსუბუქად გადააქვთ, თუმცა ამას ვერ ვიტყვით მათზე, ვინც სხვადასხვა დაავადების გამო კორონავირუსის რისკჯგუფშია.

„პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩვენ პირველად ავცერით 12 წლის მოზარდი ერთი თვის წინ. ასეთი ბავშვების რაოდენობა ძალიან მცირეა. კონკრეტულად მე მყავდა ასეთი სამი პაციენტი, 12 და 15 წლის მოზარდები. მათ არანაირი გვერდით მოვლენა არ ჰქონიათ. ერთ-ერთი მათგანი კორონავირუსითაც დაინფიცირდა და მსუბუქი ფორმით გადაიტანა. გავიდა უკვე ერთი თვე და მეორე დოზასაც გაიკეთებს. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ რისკჯგუფის მქონე ბავშვებს ჩაუტარდეთ ვაქცინაცია“, – განაცხადა პედიატრმა და იმუნიზაციის საბჭოს წევრმა თემურ მიქელაძემ.

იმუნიზაციის საბჭოს წევრების თქმით, ნებისმიერ მშობელს, რომლის 12-დან 15 წლამდე შვილიც შესაძლოა იყოს კორონავირუსის რისკჯგუფში, შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს და მოითხოვოს მოზარდის აცრა.

ამის შემდეგ ოჯახის ექიმი მოთხოვნას ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნის და სპეციალისტების თანხმობის შემთხვევაში მას უახლოეს დღეებში აცრიან.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend