მთავარი საქართველო მუსიკა წინანდალში

მუსიკა წინანდალში

საქართველოში კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები არიან

დადგა სექტემბერი და უკვე მესამედ წინანდლის ბაღში ისევ შეიკრიბნენ მუსიკალური სამყაროს მსოფლიო ვარსკვლავები. კოვიდპანდემიის მიუხედავად, ისინი მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში. ყველა ვარსკვლავი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ მუსიკის ძალა სამყაროს ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში დაეხმარება და ამჯერად ამ ხმას მსოფლიო საქართველოდან გაიგონებს.

„ონლაინკონცერტი მიეძღვნა კოვიდით დაზარალებულებს, გარდაცვლილებსა და მათ ოჯახებს. ეს იყო მუსიკოსების იდეა. დღეს კონცერტი მაყურებლის გარეშე ტარდება“, – აღნიშნავს წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე.

წინანდალში წვიმდა, მაგრამ როცა რეპეტიციის დრო მოვიდა, წვიმა შეწყდა და სახელგანთქმულმა დირიჟორმა ლაჰავ შანიმ მუსიკოსებთან ერთად კონცერტისათვის მზადება დაიწყო.

მალე კონცერტი უნდა ყოფილიყო და მუსიკოსებს ესმოდათ, რომ ამჯერადაც კოვიდპანდემიის გამო მათ საგანგებო რეგულაციები უნდა გაეთვალისწინებინათ – შელეოდნენ მაყურებლებს და შეგუებოდნენ მუსიკოსებს შორის ჩადგმულ საგანგებო ტიხრებს.

სრულდება მორის რაველისდაფნისი და ქლოე“…

სოლისტი პიანისტი ეფიმ ბრონფმანია. შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს ასრულებს. პულტთან ისრაელისა და როტერდამის ფილარმონიების მთავარი დირიჟორი ლაჰავ შანი დგას.

მარტინ ენგსტრომი წინანდლის და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელია.

იგი წინანდლის მუსიკალური დღეების საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობს.

„იმედი გვაქვს, რომ ყველა საერთაშორისო არტისტის დახმარებით, ბევრი  ტურისტი ჩამოვა საქართველოში. ჩვენ უკვე წლებია ვატარებთ ფესტივალს, ამჯერად უკვე მესამედ და იმედი გვაქვს, ყოველ ზაფხულს მისი გავლენა უფრო გაიზრდება და უფრო მეტი სტუმარი გვეწვევა“, – ამბობს ფესტივალის თანადამფუძნებელი.

ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი და ფესტივალის თანადამფუძნებელი ავი შოშანი მუსიკალური დღეების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ის ფაქტი, რომ წინანდლის ფესტივალი დღეს იხსნება, ნიშნავს იმას, რომ კულტურა იმარჯვებს. ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რომ მსოფლიო რთულ პერიოდს გადის, მაგრამ ფესტივალის არსებობა, სადაც ერთად იკრიბებიან ასეთი სოლისტები, დირიჟორები, არტისტები, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში წინანდალი აკეთებს იმას, რასაც ყველა ელის, რომ მოხდება – მუსიკის ჰანგები და ერთად ყოფნა….“

წინანდლის დღეები 12 დღე გაგრძელდება. ფინალურ დღეს მუსიკალურ კომპოზიციებს შეასრულებენ ლიზა ბათიაშვილი, საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი, სამხატვრო ხელმძღვანელის, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით.

შესრულდება სიბელიუსის სავიოლინო კონცერტი და დვორჟაკის მერვე სიმფონია.

12 დღის განმავლობაში 24 ხელოვანი 23 კონცერტს გამართავს წინანდალში.

ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend