მთავარიაზიაავღანეთი"თალიბანის" პრესსპიკერი - ომის გაგრძელების მიზეზი აღარ არსებობს

“თალიბანის” პრესსპიკერი – ომის გაგრძელების მიზეზი აღარ არსებობს

პანჯშირზე სრული კონტროლის დამყარების შემდეგ ქაბულში “თალიბანის” პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა პრესკონფერენცია გამართა.

მისის თქმით, ისინი სრულად აკონტროლებენ პროვინცია პანჯშირს.

წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებმა კი ქვეყანა დატოვეს.

გარდა ამისა, ზაბიულა მიჯაჰიდმა საერთაშორისო საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა და ავღანეთის ეკონომიკის აღდგენაში მხარდაჭერა სთხოვა.

მისი თქმით, ქაბულის აეროპორტი შიდა რეისებთან ერთად მალე საერთაშორისო ფრენებსაც განაახლებს.

,,ჩვენს ერს აღარ სურს ომის გაგრძელება, არც არსებობს ამის მიზეზი. ამიტომ აუცილებელია ყველა ჩვენმა თანამემამულემ იცოდეს, რომ ავღანეთის ისლამურმა ემირატმა (თალიბანმა) ომი დაასრულა“, – განაცხადა თალიბანის პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა.

ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად ყატარის ხელისუფლებამ ქაბულში საკვებითა და სამედიცინო მედიკამენტებით დატვირთული თვითმფრინავი გააგზავნა და რამდენიმე დღეში დახმარებას კვლავ გააგზავნის.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტში ევროპის ქვეყნებიდან საჰაერო ფრენები შეჩერებულია.

ამავე დროს, “თალიბანმა” დაიწყო ქაბულის ქუჩებში კედლებზე დახატული ფრესკებისა და პორტრეტების საღებავებით გადაფარვა და მათი “თალიბანის” იდეოლოგიის გამომხატველი მოკლე წინადადებებით ჩანაცვლება.

ქაბულის ქუჩებში იაპონელი ექიმის ტეცუ ნაკამურას პორტრეტიც  თეთრად გადაღებეს. ექიმი, რომელიც ომის შედეგად დაზარალებულ ავღანეთის მოსახლეობას ეხმარებოდა განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩეოდა, თუმცა “თალიბანის” ხელისუფლებისთვის წინადადება – ,,ისლამური სისტემის დაცვა, დამოუკიდებლობის პატივისცემა და შრომა“ – პრიორიტეტად არის მიჩნეული.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ ავღანელების უსაფრთხოდ ევაკუაციისთვის ყველაფერს გააკეთებს.

,,ნება მომეცით, მივმართო იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც  გვაქვს აღებული ვალდებულებები და რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ავღანეთში. ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვმუშაობთ რეგიონში უსაფრთხო  გასასვლელის უზრუნველსაყოფად. და როგორც კი აღდგება ფრენები ყველაფერს გავაკეთებთ ავღანელების დასახმარებლად“,- განაცხადა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

პარიზში კი  „თალიბანის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ავღანელმა რეჟისორებმა გამართეს. ისინი ეწინააღმდეგებიან ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლას და აცხადებენ, რომ დასავლეთი აუცილებლად ინანებს თუ „თალიბანთან“ თანამშრომლობას დაუშვებს.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა სრულად დაიკავა ავღანეთი, ქვეყნის დატოვებას ამ დრომდე ათასობით ავღანელი ცდილობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend