მთავარისაქართველოპარლამენტში გენერალური პროკურორის დანიშვნის საკითხზე ვერ თანხმდებიან

პარლამენტში გენერალური პროკურორის დანიშვნის საკითხზე ვერ თანხმდებიან

საკონსტიტუციო ცვლილებები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესება, მანდატების პროპორციული გადანაწილების წესი და გენერალური პროკურორის დანიშვნის საკითხი განიხილეს.

პირველ ორ საკითხზე ოპოზიცია და მმართველი პარტია პოლიტიკურად შეთანხმდნენ. გენერალური პროკურორის დანიშვნის საკითხი კი კონსტიტუციურ ცვლილებას გამოეყო და მომდევნო სხდომებზე განიხილავენ.

“ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი არგუმენტი. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მას სურს, რომ აკონტროლოს პროკურატურაც და მართლმსაჯულების სისტემაც. შესაბამისად ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვალოს. ამიტომ ვამბობ, რომ გზა ცვლილებებისკენ გადის სრულად პროპორციულ არჩევნებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც რეფერენდუმით უნდა მივიღოთ, რომელიც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ამის შემდეგ უნდა გატარდეს ფართომასშტაბიანი ცვლილებები, როგორც სასამართლოში, ისე პროკურატურაში”, -განაცხადა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

“პროკურორის კონსენსუსით დამტკიცების შესახებ მიღებული შეთანხმება კვლავ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. პროკურატურა მათთვის ეს არის ბერკეტი, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენებენ ისევე, როგორც სასამართლო სისტემა”,- ამბობს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ გენერალურ პროკურორს არა 113, არამედ 76 დეპუტატი უნდა ირჩევდეს. მათი განცხადებით, ისინი დაელოდებიან ოპოზიციური პარტიების არგუმენტებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

“მე პირადად ვამბობდი, რომ ეს იყო სამართლებრივი სიმახინჯე, რომლის ასახვა არ შეიძლებოდა კონსტიტუციაში, თუმცა მაშინ დისკუსიის ცალკეულ მონაწილეებს ჰქონდათ ხისტი პოზიცია და საბოლოოდ ჩვენ ამის ასახვა 19 აპრილის შეთანხმებაში მოგვიწია. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ვალდებულება ეს სიმახინჯე ავსახოთ კონსტიტუციაში”,- განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

“ერთი წლის ვადით არჩეული გენერალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან დაბალი იქნება და შესაძლოა დამოკიდებული იყოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი იყოს მაღალი, უფრო დიდი ხნით ხდებოდეს მაღალი თანამდებობის პირის არჩევა”,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა პარლამენტი მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატების მხარდაჭერით, 9-21 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკური ამნისტიის პროექტს ამტკიცებს, რითაც ამნისტია ყველას შეეხება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend