მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში ძაღლების ფასის ზრდის გამო, ცხოველების ქურდობა გახშირდა

დიდ ბრიტანეთში ძაღლების ფასის ზრდის გამო, ცხოველების ქურდობა გახშირდა

ორი წლის ფრანგული ბულდოგი, სახელად თინა, მაისში პატრონის მანქანიდან გაიტაცეს.

შინაური ცხოველების ქურდობის საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, 2020 წელს შინაური ცხოველის ქურდობის 2000-მდე  შემთხვევა გამოვლინდა. მოპარული ცხოველების 70% ძაღლია.

„უზომოდ მენატრება. ჩვენთან რომ იყო ეს სახლი სიცოცხლით სავსე იყო.
არ მგონია, ხალხი იაზრებდეს, თუ რამდენად მტკივნეულია, როდესაც ოჯახის წევრს გართმევენ. თინა ჩვენი ოჯახის წევრია. იგი არ არის უბრალოდ ძაღლი, ცხოველი, ის ჩვენი ოჯახის ნაწილი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი ოჯახი მის გარეშე სრულყოფილი აღარ არის“, – ამბობს თინას პატრონი, პატრიცია კოვალჩიკი.

ამ დროისთვის შინაურ ცხოველთა ქურდობა განიხილება, როგორც მფლობელის მიერ საკუთრების დაკარგვა, თუმცა ეს კანონი მალე შეიცვლება.

ბრიტანეთის მთავრობა ახალი კანონის დამტკიცებას გეგმავს. ამ კანონის მიხედვით, ცხოველები გონიერ არსებებად ჩაითვლებიან.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ ცხოველის გატაცება ცალკე დანაშაულად იქნეს აღიარებული. ვფიქრობ, რომ ახალი კანონი დანაშაულის აღმოჩენას გაგვიმარტივებს და სასჯელსაც შესაბამისს გამოვიტანთ“, – ამბობს ჯორჯ იუსტი, გაერთიანებული სამეფოს გარემოს დაცვის მდივანი.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „დოგ თრასთის“ ინფორმაციით, პოპულარული ძაღლების ჯიშების ფასი პირველი საყოველთაო კარანტინის დროს თითქმის 90%-ით გაიზარდა.

ფასის ასეთმა ზრდამ განაპირობა ქურდობის შემთხვევების მატება, თუმცა მთავრობას იმედი აქვს, რომ ახალი კანონის შემოღება შინაური ცხოველების ქურდობას აღმოფხვრის.

„არის შემთხვევები, როდესაც ძაღლებს გამრავლების მიზნით იპარავენ, რაც დანაშაულის მეტად ორგანიზებული მხარეა. კონკრეტული ჯგუფები ძაღლებს იპარავენ და ამრავლებენ, რომ გაყიდონ“, – აცხადებს სერჟანტი ტომ კარტერი, სასექსის პოლიციის დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენელი.

თინას პატრონები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება დროულად იმოქმედებს მსგავსი დანაშაულის შესაჩერებლად და შინაური ცხოველის დაკარგვისგან გამოწვეული ემოციური სტრესის თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ თინას არ ვიპოვით. გპირდებით, რომ ერთ დღეს იგი ჩვენთან სახლში დაბრუნდება“, – ამბობს კოვალჩიკი.

კოვალჩიკმა თინას უსაფრთხო დაბრუნებისთვის ფულადი ჯილდოც დააწესა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend