მთავარი საქართველო საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ გახდა მოქალაქეთა კრიზისულ მდგომარეობაზე პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რატომ გახდა მოქალაქეთა კრიზისულ მდგომარეობაზე პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა მიზეზით თქვა მთავრობამ უარი ევროკავშირის დახმარებაზე. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, გაუგებარი ის არის, თუ რატომ გახდა მოქალაქეთა კრიზისულ მდგომარეობაზე პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირისგან მორიგი ტრანშის მიღებაზე უარს ამბობს, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში ეს საკითხი  განხილვის მთავარი საგანი გახდა. ოპოზიციის ნაწილი წერილით მიმართავს – ევროპული საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტებს, ასევე ნატოს გენერალურ მდივანს.

ტექსტში წერია, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზია ის, რომ საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე.

ღია წერილს ხელს აწერენ 14 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და პარლამენტის ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი.

საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირსა და ნატოს ღია წერილით მიმართავენ.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთა 80%-თვის ევროკავშირი და ნატო უალტერნატივო არჩევანია და ყოველ ჯერზე ამომრჩეველი სწორედ იმ პარტიას აძლევს ხმას, რომელიც ქვეყნას ევროკავშირსა თუ ნატოსთან დაახლოებას ჰპირდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ღია წერილში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების პირობების უხეშად დარღვევასა და მოლაპარაკების დატოვებაში ბრალს „ქართულ ოცნებას“ სდებენ.

მმართველ პარტიაში კი კვლავ საუბრობენ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე და აცხადებენ, რომ სესხსა და დახმარებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს.

„საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ეს არ არის დახმარება. ეს არის სესხი. განსხვავება არის დახმარებასა და სესხს შორის. გაქვთ მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, თურმე, ვიღაცები გვეხმარებიან და ჩვენ ისეთი „დურაკები“ ვართ, რომ დახმარებაზე ვეუბნებით უარს, არ არის ეს მართალი. საუბარია სესხზე და განსხვავებაა სესხსა და დახმარებას შორის“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისთვის საქართველოში, კელი დეგნანისთვის კი მოულოდნელი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე, რომლის წინაპირობაც რეფორმების გატარება იყო.

„ცოტა გაგვიკვირდა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, შექმნილი მაღალი უმუშევრობის, სიღარიბის დონისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონი ამას გაითვალისწინებს. როგორც ვიცი, ეს დახმარება დაკავშირებული იყო მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის გატარებასთან და ეს ცხადი იყო ერთი წლის წინ, როდესაც დახმარების პაკეტის შეთანხმება ხდებოდა ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის აუცილებლად გასატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. რა თქმა უნდა, მათი განხორციელება მარტივი არ არის, თუმცა იმედის მომცემია, რომ ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე გატარდა. ახლა მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა სხვა რეფორმა, მიუხედავად იმის იქნება ის მიბმული 75 მილიონი ევროს დახმარებასთან თუ არა. შეერთებული შტატების კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ისინი გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ“, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია – რატომ თქვა უარი მთავრობამ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევრო მიეღო. მისივე თქმით, ვიდრე ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ცოტა პარადოქსულად ჟღერს, ერთი მხრივ, ევროპის სესხზე უარის თქმა, ხოლო, მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება.

„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და, პირადად ჩემთვის, საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი, ანუ 300 მილიონ ლარის სესხს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თითოეული საარჩევნო ხმის დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ, სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად კი ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერის იმედი აქვთ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend