მთავარი საქართველო დახმარება ევროკავშირისგან

დახმარება ევროკავშირისგან

უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური მხარეები დაობენ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების თაობაზე, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში უნდა მიეღო.  მთავრობის წარმომადგენლებმა გუშინ, 31 აგვისტოს, განაცხადეს, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე, რადგან არ სურს გაზარდოს საგარეო ვალი. ევროკავშირის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც მაკროფინანსური დახმარების მიღების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისას თავად დათანხმდა. მათივე თქმით, საუბარია ძირითადად მართლმსაჯულების რეფორმაზე. საქართველოს პირველი დიპლომატი კი ამბობენ, რომ  რეფორმების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის განსხვავებული აღქმებია, რაც პოზიციების შეუსაბამობას იწვევს.

„ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, ეს ერთი, მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს – ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას. გუშინ ევროპარლამენტარმა სოციალური ქსელის ტვიტერის გვერდზე დაწერა, უარს ვერ იტყვით იმაზე, რაც არ გეკუთვნით. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა ტრანშსა და სესხს აქვს თავისი პირობა. სესხზე უარის თქმა კი არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას.

„სესხზე უარის თქმა არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას. ეს რეფორმები მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რეფორმები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ განხორციელდა. მინდა ძალიან მკაფიოდ იცოდნენ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და იციან, რომ ჩვენ რა ვალდებულებებიც გვაქვს, იმ ვალდებულებებს აუცილებლად ვასრულებთ და შევასრულებთ მომავალში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

„არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ყველა იმ რეფორმასთან, რომელიც არის კონკრეტულად და მკაფიოდ განსაზღვრული დოკუმენტით, არ აღმოჩნდება ისეთი დამოკიდებულება ხელისუფლების, რომელიც რამენაირად შეიძლება ჩაითვალოს დისონანსურად“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმება, არ გაატარა რეფორმები, ამას კი შესაბამისი სანქციები მოჰყვება საქართველოს ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან.

„ნუთუ, ვინმეს სჯერა, რომ საქართველოს ევროკავშირის დახმარება არ სჭირდება. ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ ის, რასაც ხელისუფლება ამბობს, სიმართლეა. სიმართლე არის ის, რომ ისინი არ ასრულებენ შარლ მიშელის შეთანხმებას, არ ატარებენ რეფორმებს და ამას შესაბამისი სანქციები მოჰყვება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ევროკავშირმა – მისმა წარმომადგენლობამ, ევროპარლამენტარებმა ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთეს რატომ არ მიიღო საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო სწორედაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის და თანადგომისთვის კოვიდპანდემიის პირობებში, იმიტომ, რომ მათ არ შეასრულა ვალდებულებები“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა – კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებელობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი ამბობენ, რომ ამ განცხადების შინაარსი არ უკვირთ.

„გუშინ ჩვენ რაც ვნახეთ, ევროკავშირის განცხადება – ეს არ იყო გასაკვირი. იმიტომ, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან პირდაპირ მომდინაროებს, რომ ქვეყანამ უნდა გაატაროს სიღრმისეული და ამბიციური სასამართლო რეფორმა, ეს პირდაპირ არის შეთანხმების ტექსტში აღნიშნული, ჩვენ გუშინ განცადებაში ასევე მოვისმინეთ ისიც, რომ უზენაესი სასამარლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეესაბამებოდა 19 აპრილის შეთანხმებას და ამაზე მედიატორს უკვე არაერთხელ აქვს ეს განცხადება გაკეთებული და უკვე მეორედ მოვისმინეთ და, მათ შორის, ამერიკის შეერტთბული შტატებისგანაც გვაქვს მსგავსი განცხადება მოსმენილი“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი 31 აგვისტოს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნაათქვამია, რომ მაარრთველი პარტიის მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებაზე კიდევ ერთხე ულარის თქმა მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს და მნშვენლოვან საფრთხე უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

ევროკავშირიევროკავშირი

Send this to a friend