მთავარიაზიაავღანეთიმოკავშირეებმა ავღანეთი დატოვეს

მოკავშირეებმა ავღანეთი დატოვეს

ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ ავღანეთიდან ევაკუაცია დაასრულა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომის დასასრულია.

ევაკუაციას შეეწირა 13 ამერიკელი სამხედროსა და 200-მდე ავღანელის სიცოცხლე. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერლის, ფრენკ მაკკენზის განცხადებით ბოლო ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ვაშინგტონის დროით 3 საათსა და 29 წუთზე დატოვა.

“ევაკუაციის სამხედრო ნაწილი დასრულებულია. პროცესის დიპლომატიური ნაწილი კი ახლა იწყება. სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს იღონებს ავღანეთში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისათვის. ავღანეთში დარჩენილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა რაოდენობა რამდენიმე ასეულია. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და ჩვენ მათ სახლებში დაბრუნებას შევძლებთ. მოლაპარაკებების წარმოებას ვაპირებთ ავღანელი პარტნიორების გამოსაყვანადაც. ევაკუაციის სამხედრო ნაწილი დასრულებულია, მაგრამ ჩვენი სურვილი, დავიხსნათ პარტნიორები არსად გამქრალა“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალმა ფრენკ მაკკენზი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი თალიბანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას არ გამორიცხავს, მისი თქმით ეს თალიბანის მიერ გატარებულ საშინაო პოლიტიკასა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებზე იქნება დამოკიდებული.

“ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში თალიბანთან ურთიერთობა გვქონდა, ეს ევაკუაციისთვის იყო საჭირო. თალიბანთან მომავალ ურთიერთობებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები განსაზღვრავს. თუკი ავღანეთის მომავალ მთავრობასთან ურთიერთობა ჩვენს ინტერესებს წაადგება, მაშინ ეს ურთიერთობა შედგება. მე ვგულისხმობ მაგალითად – ავღანეთის ერთ-ერთ რეგიონში პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქის განთავისუფლებას. თუ თალიბანის მიერ გატარებული პოლიტიკა რეგიონში სტაბილურობასა და 20 წლის განმავლობაში მიღწეულს საფრთხეს არ შეუქმნის, ეს ურთიერთობა შედგება. მაგრამ ეს ურთიერთობა არ იქნება დაფუძნებული ნდობაზე.  ყურადღებით დავაკვირდებით თალიბანის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას. თალიბანს საერთაშორისო ლეგიტიმაცია სურს, ჩვენი პასუხია- საერთაშორისო ლეგიტიმაციას დამსახურება სჭირდება“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი.

“თალიბანის” პრესმდივანი კი გამარჯვებაზე საუბრობს.

“მსურს ჩვენს ერს გამარჯვება მივულოცო. 20 წლიანი ჯიჰადისა და დიდი მსხვერპლის შემდეგ ჩვენ ამერიკელებს წასვლა ვაიძულეთ. ყველა უცხოელმა ჯარისკაცმა, მათ შორის რაც მთავარია, ამერიკელმა ჯარისკაცებმა გუშინ შუაღამისას ჩვენი ქვეყანა დატოვეს. დამოუკიდებლობა მთელ ერს ეკუთვნის“, – ამბობს თალიბანის პრესმდივანი ზაბიბულაჰ მუჯაჰიდი.

თალიბანის წევრების საზეიმო განწყობის მიუხედავად მათ წინ ბევრი პრობლემა ელით. ავღანეთის ფინანსური რეზერვების დიდი ნაწილი ამერიკულ ბანკებშია განთავსებული. საჯარო სექტორში დასაქმებული ბევრი ავღანელი კი აცხადებს, რომ თვეებია ხელფასი არ მიუღიათ. პრობლემებია ჯანდაცვის სექტორშიც, ვინაიდან ქვეყანაში სამედიცინო ტექნიკისა და პრეპარატების დიდი უკმარისობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend