მთავარიაზიაავღანეთიავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება

ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება

ტერორისტული თავდასხმების მიუხედავად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია მიმდინარეობს.

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან თავდასხმისა და ახლოს მდებარე სასტუმროსთან მომხდარი მეორე აფეთქების შემდეგ, მესამე, ამჯერად სარაკეტო თავდასხმა აეროპორტის მიდამოებში მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ისლამური სახელმწიფოს მიერ მიტანილ ტერორისტულ შეტევას გასულ კვირას კი ავღანეთის 169 მოქალაქისა და 13 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავღანეთიდან ევაკუაციის სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

14 აგვისტოს შემდეგ დღემდე საერთო ჯამში ავღანეთი მოკავშირეთა დახმარებით 113 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის არის 5 ათასზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 350 – მდე ამერიკელი კვლავ რჩება ავღანეთის ტერიტორიაზე. გაერთიანებული სამეფოს მიერ ორგანიზებული ბოლო საევაკუაციო რეისი კვირას შედგა.

ნისლიანი ალბიონის დახმარებით ავღანეთი 15 ათასმა ადამიანმა დატოვა. კანადის სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვებაში დახმარება 4 ათასამდე კანადის და ავღანეთის მოქალაქეს გაუწია.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთების დახმარებით კი ავღანეთი 5 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათი უმრავლესობა – 4 ათასზე მეტი, ავღანელია. ევაკუაციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საფრანგეთმა, პოლონეთმა, იტალიამ, ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ, ინდოეთმა, თურქეთმა, ესპანეთმა, ავსტრიამ, უკრაინამ და დანიამ.

ავღანეთიდან ლტოლვილი გაზალ ჰაბიბიარი ამჟამად ალბანეთში მდებარე სასტუმროში იმყოფება. მასთან ერთად მისი მეუღლე და სამი შვილი იმყოფებიან.

“ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც მხოლოდ იმიტომ გრძნობ თავს დამნაშავედ რომ ცოცხალი გადარჩი. ეს შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით. მე ბედნიერი ვარ და იღბლიანი, რომ ჩემი ოჯახი და კოლეგები გადარჩნენ. საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა“,  –  ყვება ავღანეთიდან ლტოლვილი გაზალ ჰაბიბიარი.

მიუხედავად იმისა, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრებათ, გაზალი მაინც დარდობს, ის ავღანეთში დარჩენილ იმ ათასობით ადამიანზე ფიქრობს, რომელთაც თალიბანის მებრძოლების მხრიდან საფრთხე ემუქრებათ.

“ახლა რაც ავღანეთში ხდება, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ჩვენ ყველაფრისათვის თავის უკეთ გართმევის შესაძლებლობა გაგვაჩნდა. შესაძლებელი იყო, გარდამავალი პერიოდის უკეთესად დაგეგმვა. ჩვენ შეიძლებოდა გარდამავალი მთავრობა გვყოლოდა. ეს კატასტროფაა, ადამიანური კატასტროფაა, რომელიც ახლა ხდება, ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ევაკუაციის უკეთესად დაგეგმვა შეიძლებოდა“, – ამბობს გაზალ ჰაბიბიარი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend