მთავარი აზია ავღანეთი ავღანელი დევნილები თავშესაფარს პაკისტანში ეძებენ

ავღანელი დევნილები თავშესაფარს პაკისტანში ეძებენ

ავღანეთში შექმნილი კრიზისის გამო ქვეყანას ათასობით ადამიანი ტოვებს. დევნილების დიდი ნაწილი მეზობელ პაკისტანში გარბის. პაკისტანში აცხადებენ, რომ დევნილებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა არის საჭირო. დაუსრულებელი კონფლიქტის შედეგად პაკისტანში დღესდღეობით ოთხ მილიონამდე ავღანელი დევნილი იმყოფება.

მუჰამედ ამინი პაკისტანში მას შემდეგ გაიქცა, რაც თალიბანმა მისი მშობლიური ქალაქი მაზარ-ი-შარიფი და ავღანეთის დედაქალაქი ქაბული დაიპყრო.

„როცა თალიბანი შევიდა ქაბულში, ხალხი შეშინებული იყო. ისინი აეროპორტში გაიქცნენ. სიტუაცია ძალიან ქაოტური იყო. ხალხი პანიკაში იყო, ყველა თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა. ადამიანები თვითმფრინავის ფრთებზე ძვრებოდნენ. ბევრი მათგანი გადმოვარდა“, – ყვება ავღანელი დევნილი მუჰამედ ამინი.

მისი თქმით, ქვეყნის დატოვება მისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. იგი პაკისტანში ფეხით გადავიდა. მუჰამედის აზრით, დევნილების რაოდენობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ჯერჯერობით დევნილთა კრიზისს მასშტაბური სახე არ მიუღია. თუმცა, პაკისტანში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ გვერდში უნდა დაუდგეს. პაკისტანი ავღანელ დევნილებს 40 წელიწადზე მეტია, იღებს.

პაკისტანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მრჩევლის თქმით, ავღანეთში მომხდარი ომების შედეგად პაკისტანი ძლიერ დაზარალდა.

„იცით თუ არა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრიდან დღემდე კონფლიქტის შედეგად პაკისტანში 80 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის ეკონომიკამ 152 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. დღეს ქვეყანაში ოთხი მილიონი დევნილია. დასავლეთი კი კიდევ უფრო მეტი ადამიანის შეფარებას გვთხოვს. ამდენი არ შეიძლება“, – აცხადებს პაკისტანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველი მოედ იუსუფი.

მოედ იუსუფის აზრით, თალიბანთან მოლაპარაკება ავღანეთში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გამოსავალია.

„საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაელაპარაკოს მათ. თალიბანის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ 90-იან წლებში დაბრუნება არ სურთ“, – ამბობს მოედ იუსუფი.

თუმცა, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მდებარე ავღანელების ბარში ამბობენ, რომ თალიბანის ნდობა შეუძლებელია.

„ისინი ამბობენ, რომ შურს არავისზე იძიებენ. ეს სიცრუეა. ღამღამობით თალიბანის წარმომადგენლები ადამიანებს სახლებში უვარდებიან და ხოცავენ. იმის გამო, რომ მამაჩემი პრეზიდენტ აშრაფ ღანთან მუშაობდა, ჩემი ოჯახის წევრები დაატყვევეს და დახოცეს“,  – ამბობს ავღანელი დევნილი სიედ ზიკრია.

სიედი გულგატეხილი და შეშინებულია. იმის შემდეგ, რაც მან მშობლები და 5 დედმამიშვილი დაკარგა, მას ავღანეთში დაბრუნების არანაირი იმედი აღარ აქვს. მისი თქმით, მან სამშობლო სამუდამოდ დაკარგა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend