მთავარიკუბიფეისბუკი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომისიის შექმნას გეგმავს

ფეისბუკი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კომისიის შექმნას გეგმავს

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ფეისბუკი გეგმავს საკონსულტაციო კომისიის შექმნას. კომისია უნდა დაეხმაროს ფეისბუკის ადმინისტრაციას არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.

არსებული ინფორმაციით, კომპანიამ მიმართა ათობით პოლიტიკურ ექსპერტსა და მეცნიერს იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს სპეციალური კომისია. კომისიას ექნება სხვადასხვა საკითხის განხილვის უფლებამოსილება, მათ შორის, დეზინფორმაცია არჩევნების დროს და პოლიტიკური რეკლამა – ფეისბუკის ორი ყველაზე დიდი პრობლემა.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, კომისიის ჩამოყალიბების შესახებ განცხადებას ფეისბუკი უკვე ამ წლის შემოდგომაზე გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ეს კომისია იმუშავებს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების საკითხებზე, არამედ გლობალურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სავარაუდოდ, საარჩევნო საკითხების კომისია დაეყრდნობა ფეისბუკის სამეთვალყურეო საბჭოს მოდელს, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა.  სამეთვალყურეო საბჭო ეს ერთგვარი სასამართლოა. მას შეუძლია მიმართონ მომხმარებლებმა და შეიტანონ სარჩელი ფეისბუკის წინააღმდეგ, თუ მიიჩნევენ, რომ მათ უსამართლოდ წაუშალეს მასალა ან დაბლოკეს რომელიმე  ჯგუფი თუ პირი.

ფეისბუკს ოფიციალური კომენტარი ახალ კომისიაზე ჯერ არ გაუკეთებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend