მთავარიაზიაავღანეთი14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 700 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა

14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 700 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით ავღანეთიდან ხალხის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება, თუმცა უკვე “თალიბანმა” მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს, რომ შეწყვიტონ გამოცდილი ავღანელების ქვეყნიდან გაყვანა, მათ შორის, ექსპერტების, ინჟინრებისა და ექიმების.

ამავდროულად, ავღანეთის ახალმა მმართველებმა შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ისინი არ მიიღებენ 31 აგვისტოს შემდეგ ევაკუაციის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილებას.

,,ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ, საფრთხე არ ემუქრებათ და მათ არ უნდა ეშინოდეთ. ჩვენი მმართველობის დროს არავინ  დაზარალდება. ისინი  მშვიდობიანად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მომავალი მთავრობა ყველას ეკუთვნის”, – განაცხადა ,,თალიბანის” პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდიმ.

დიდი შვიდეულის ერთობლივი განცხადებით, ავღანეთში მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა ექნება მას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ ავღანეთი აღარასდროს უნდა იქცეს ტერორიზმის თავშესაფრად და არც სხვებზე ტერორისტული თავდასხმების წყაროდ.

მათი ერთობლივი განცხადების მიხედვით, ახლა უპირობოდ აუცილებელია ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანა.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა,  შეერთებული შტატები ავღანეთიდან ევაკუაციის დასრულებას 31 აგვისტომდე გეგმავს. ამერიკის ლიდერმა განმარტა, რომ 14 აგვისტოდან დღემდე 70 700 ადამიანის ავღანეთიდან გამოყვანას შეუწყვეს ხელს.

,,ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დისკუსია. დიდი შვიდეულის ლიდერები თანხმდებიან ორივე საკითხზე: ევაკუაციის მისიასა და ავღანეთთან ჩვენი შეთანხმებული მიდგომის აუცილებლობაზე.  ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა ავღანეთიდან ხალხი რაც შეიძლება მალე  და უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ. ჩვენ გვსურს, რომ ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტომდე დავასრულოთ. რაც მალე დასრულდება ეს პროცესი, მით უკეთესი“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და

ავღანეთის ახალ მმართველებს მოუწოდა უცხოელი და ავღანეთის მოქალაქეებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფისკენ.

,,ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ავღანელი ლტოლვილების უსაფრთხოებასა და  ცხოვრების სათანადო პირობებს. ჩვენ ვიმუშავებთ რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ირანთან, პაკისტანთან და ცენტრალურ აზიასთან სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. საერთაშორისო დაცვა საჭირო იქნება დევნილებისთვის და სხვა დაუცველი ავღანელებისთვის”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, მისი თქმით, ის არ ჩაერევა ავღანეთის შიდა პოლიტიკურ საკითხებში.

,,თქვენ იცით, რამდენად რთული და შემაშფოთებელი გახდა ვითარება ავღანეთში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან . რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს განზრახვა ავღანეთის შიდა საქმეებში ჩარევისა და ჩვენი სამხედრო ძალების ჩართვის ამ ყოვლისმომცველ კონფლიქტში“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ  თალიბანმა 15 აგვისტოს დაიკავა ქაბული და მას შემდეგ ათასობით ავღანელი ცდილობს ქვეყნის დატოვებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend