უკრაინის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ყირიმის პლატფორმის სამიტზე ყირიმელი თათრების თემაც განიხილეს.
ყირიმის ნახევარკუნძულზე სამასი ათასამდე ყირიმელი თათარი ცხოვრობს. ისინი მოსახლეობის 15 პროცენტს წარმოადგენენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, 2014 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ მათი უფლებები უხეშად ირღვევა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ამნესტი ინთერნეიშენელის“ განცხადებით, ყირიმში ყირიმელი თათრების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ამჟამად რუსულ ციხეებში 80 ყირიმელი თათარი იმყოფება, ხოლო 15 აქტივისტი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლიციამ ხუთი ყირიმელი თათარი დააკავა, ხოლო ოთხს 12-იდან 18 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ. მათ უმეტესობას ბრალად რელიგიურ ორგანიზაცია „ჰიზბ უტ ტაჰირის“ წევრობა ედება. რუსეთში „ჰიზბ უტ ტაჰირი“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
„რუსეთმა ყირიმში იმპერიალიზმი დააბრუნა. ისინი გვეუბნებიან ჩვენ ვინაა ჩვენი მოყვარე და ვინაა მტერი. ისინი თავზე საკუთარ ფასეულობებს გვახვევენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ყირიმელ თათრებს კლავენ და აწამებენ“, – აცხადებს ყირიმელი მუსლიმების რელიგიური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აიდერ რუსტამოვი.
1944 წელს სტალინური რეპრესიების დროს ორასიათასამდე ყირიმელი თათარი ყირიმიდან შუა აზიაში გადაასახლეს. მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება 1980-იანი წლების ბოლოს მიეცათ. 2014 წელს კი რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და რეპრესიებიდან სამოცი წლის შემდეგ, კრემლის აგრესიული პოლიტიკის გამო, ყირიმელ თათრებს კვლავ არა აქვთ მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობა.