ფეისბუკმა გამოაქვეყნა 2021 წლის გამჭვირვალობის ანგარიში, თუმცა მასში არ იყო ნახსენები ყველაზე ხშირად ნახვადი სტატია, რომელმაც ანტივაქსერული განწყობა გაზარდა.
გასულ უქმეებზე კომპანია ფეისბუკმა გამოაქვეყნა 2021 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, რომელიც ეხებოდა იმის კვლევას, თუ რას კითხულობდა ფეისბუკის მომხმარებელი ყველაზე ხშირად აპრილ-ივნისის თვეებში. 2021 წლის მეორე კვარტლის ანგარიში სრულად განსხვავდება პირველი კვარტლის გამოუქვეყნებელი ანგარიშისგან. ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაწერა, რის შემდეგაც ფეისბუკმა პირველი ნახევრის სრული ანგარიშიც წარადგინა.
ფეისბუკზე 2021 წლის იანვრიდან მარტამდე ყველაზე ხშირად ნახვადი იყო გამოცემა „ჩიკაგო ტრიბუნის“ მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომლის სათაურშიც ექიმის გარდაცვალების მიზეზად კოვიდვაქცინა სახელდებოდა. ეს ისტორია ფეისბუკის მომხმარებლებმა, დაახლოებით, 53 მილიონჯერ იხილეს. სტატია მოგვიანებით განახლდა და გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის კავშირი არ დამტკიცდა, თუმცა იგივე სათაურით დიდი ხნის განმავლობაში პლატფორმაზე იყო გამოქვეყნებული.
ამასთანავე, კიდევ ერთი გვერდი, რომელიც ფეისბუკს ანგარიშში არ ჰქონდა აღნიშნული, არის „ეპოქ თაიმსი“ – რადიკალური მემარჯვენე შეხედულებების მქონე გაზეთი, რომელიც კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს. მას 81 მილიონი მნახველი ჰყავს.
კომპანიამ არ გაასაჯაროვა ეს მონაცემები, რადგან ხელმძღვანელების განცხადებით, ეს ფეისბუკს დადებითად არ წარმოაჩენდა. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ კომპანიასთან შიდა ელექტრონული წერილზე დაყრდნობით წერს.
ამ შემთხვევას ტვიტერზე გამოეხმაურა ფეისბუკის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ენდი სტოუნი. მისი თქმით, პირველი კვარტლის პერიოდში სისტემური ცვლილებები განახორციელეს, თუმცა არ აკონკრეტებს რას შეეხება ეს ცვლილება.
We’ve been getting criticism for holding an internal report until it was more favorable for us and then releasing it. Getting criticism isn’t unfair. But it’s worth taking a closer look — and making note of some of the components of the story.
— Andy Stone (@andymstone) August 21, 2021
ფეისბუკმა 18 აგვისტოს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ჩანდა, თუ რას კითხულობდა მომხმარებელი ყველაზე მეტად აპრილიდან ივნისამდე პერიოდში. ანგარიში უფრო დადებითია. ყველაზე მეტჯერ ნახვადი პოსტი გასართობი ფოტო იყო, რომელზეც ადამიანებს უნდა ამოეცნოთ სიტყვები, ყველაზე ხშირად ნახვადი ელექტრონული მისამართები – იუთუბი, იუნისეფი, სპოტიფაი და „სიბიეს ნიუსი“. ძირითადად, პირველ ათეულში შედიოდა ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა გართობას, ცხოველებსა და ოჯახს.
ფეისბუკი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტია. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, სოციალური ქსელი ვაქცინაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.