მთავარი კუბი ავღანეთში ათასობით ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს

ავღანეთში ათასობით ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს

სოციალურ ქსელებში ფეისბუკსა და ტვიტერზე სხვადასხვა ჰეშთეგით ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ქაბულის აეროპორტშია გადაღებული. როგორც ადგილობრივები წერენ, აეროპორტში ქაოსი იყო, რადგან მოქალაქეების ნაწილი ცდილობდა ქვეყნის დატოვებას.

არეულობა იყო ტერმინალებშიც, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თვითმფრინავში ადგილების დასაკავებლად. იყო სროლის ხმაც. არიან თუ არა დაშავებულები ჯერჯერობით უცნობია.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ქაბულში სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება. მათი განცხადებით, ამერიკამ გააგზავნა დამხმარე ძალა საკუთარი მოქალაქეებისა და იმ უცხოელების გამოსაყვანად, რომლებიც მისიებს ასრულებდნენ. დამატებითი ჯარების ქაბულში ჩასვლა 16 აგვისტოს დასრულდება და „მათ შეეძლებათ დღეში ათასობით ადამიანს გამოყვანა“ ქალაქიდან.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თალიბანის მებრძოლებმა უკვე დაიკავეს ქაბულის გარეუბნები. ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ თალიბანმა ბაგრამის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლა. ამავდროულად, ქვეყნიდან დიპლომატიური წარმომადგენლობა გაჰყავს ევროპასაც და აშშ-საც.

ავღანეთიდან ტაჯიკეთში გაფრინდა პრეზიდენტი აშრაფ ღანი. მის მიერ მოგვიანებით ფეისბუკზე გავრცელებული განცხადებით, ის რთული არჩევანის წინაშე დადგა. ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება კი სისხლისღვრის თავიდან ასარიდებლად მიიღო.

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ მიიღეს უსაფრთხოების გარანტია თალიბანისგან და ამიტომ მათი საელჩო მშვიდად აგრძელებს მუშაობას.

სოციალურ ქსელში შეშფოთებას გამოხატავენ ავღანეთში დარჩენილი ქალების გამო. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც დელის აეროპორტშია გადაღებული. ავღანელი ქალი ამბობს, რომ მსოფლიომ ავღანეთი და ავღანელი ქალები მიატოვა და მათ თალიბანის მმართველობისას არავითარი უფლება აღარ ექნებათ. ამავდროულად, ვრცელდება ფოტო ქაბულიდან, რომელზეც ჩანს, რომ ერთ-ერთი სილამაზის სალონის შესასვლელზე განთავსებულ ქალის გამოსახულებას მოქალაქე ღებავს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend