მთავარი საქართველო აგვისტოს ომი და რუსული ოკუპაცია

აგვისტოს ომი და რუსული ოკუპაცია

წეროვნის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ზუსტად 2001 კოტეჯი დგას, სადაც უკვე  ცამეტი წელია სამაჩაბლოდან დევნილები ცხოვრობენ.

მათ  2008 წლის აგვისტოს ომის დროს  მშობლიური  მიწა   ომის შიშით დატოვეს.

ასეთი დასახლებები საქართველოში კიდევ რამდენიმეა. სახლისკენ გზაზე, მთავარი დაბრკოლება  მავთულხლართებია, რომელიც  უკვე წლებია საქართველოში მცოცავი ოკუპაციის მთავარი სიმბოლოა.

13 წლის წინ, რუსული ბომბების გამო საკუთარი სახლ-კარი და მიწა 130 ათასმა ადამიანმა დატოვა. ზოგი მოგვიანებით დაბრუნდა, თუმცა 30 ათასამდე  მათგანი კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია. 2008 წელს,  შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთ დღეს გაგრძელდა.

ამ ომს საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1747 ადამიანი კი  დაიჭრა. მათ შორის იყვნენ სამოქალაქო პირები,  ჟურნალისტები.

დე-ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ხეობები, დიდი ქალაქები და სოფლები საქართველოს სამ რეგიონში.

სამხედრო დაპირისპირება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით შეწყდა.  გაფორმდა შეთანხმება  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც მოსკოვი დღემდე არ ასრულებს და არ ახდენს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.

12 წლის შემდეგ, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა მოუგო ჩრდილოელ მეზობელს  და ამ ომში   რუსეთის ბრალეულობა დაამტკიცა. ქართულმა მხარემ სტრასბურგში 700-მდე მტკიცებულება წარადგინა. მათ შორის,  გორში აფეთქებული რაკეტის, „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

იმ დროს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით,  საქართველოს სიმართლის დამტკიცებაში მოკავშირე და პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მავთულხლართები კი ყოველდღიურად მრავლდება და დევნილების გზას სახლისკენ უფრო მეტად ართულებს.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend