მთავარიმსოფლიოევროპაევროპის კონტინენტზე ტყის ხანძრები მძვინვარებს

ევროპის კონტინენტზე ტყის ხანძრები მძვინვარებს

რუსეთში, ციმბირის რეგიონში, ტყის ხანძარი  მძვინვარებს. გავრცელებული ინფორმაციით, მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ფართობია დამწვარი. ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ძლიერი ქარიც ართულებს. საბერძნეთში კი, ათენის შემოგარენში, დროდადრო მცირე კერები ჩნდება. ევიის კუნძულიდან ტურისტები და ადგილობრივები გაჰყავთ.

საბერძნეთში, კუნძულ ევიაზე, 3 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები მოხალისეებთან ერთად ამ დრომდე ებრძვიან. ხანძარმა უამრავი სახლი და ბიზნესი გაანადგურა. ათასობით ადგილობრივი და ტურისტი კი ევაკუირებულია. ათენის ჩრდილოეთით, პარნითას მთასთან, ეროვნულ პარკში ხანძრის მცირე კერები ჯერ კიდევ ჩნდება, თუმცა ცეცხლის ჩაქრობის პროცესიც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.

გასულ კვირას ტყის ხანძრებს საბერძნეთში ერთი მოხალისე ემსხვერპლა, დაახლოებით  20 ადამიანი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში საბერძნეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა.

თურქეთში კი ტყის ხანძრებს, რომლებიც უკვე 12 დღეა, მძვინვარებს, 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხანძრის შედეგად დაიხოცა უამრავი ცხოველი, განადგურდა ჰექტრობით ტყის მასივი, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა,  საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ტურისტული ადგილებიდან ევაკუირებული არიან ტურისტებიც.

ტყის ხანძრები მძვინვარებს რუსეთშიც.  ციმბირის რეგიონში ათეულობით სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი დაიწვა. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. მეცნიერები ტყის ხანძრების გაჩენას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend