კუბაზე კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო ჯანდაცვის სპეციალისტებმა ორსულებისა და მეძუძური დედების ვაქცინაცია დაიწყეს.
„აბდალას“ ვაქცინა, რომელიც კუბაზე შეიქმნა, სრულად ასაცრელად 3 დოზას მოითხოვს.
ოფიციალური პირების განცხადებით, 2021 წელს კუბაზე კორონავირუსით 2 000 ორსული დაინფიცირდა, 22 კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან კუბაზე ინფექციის 431 013 შემთხვევა გამოვლინდა მათ შორის 3 184 გარდაიცვალა.
იტალიაში კი სექტემბრიდან ვაქცინაციის საშვის წარდგენა ტრანსპორტშიც იქნება სავალდებულო. იტალიის ტრანსპორტის მინისტრი ენრიკო ჯოვანინი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სექტემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო იქნება დიდ მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში. მისი თქმით, მოგზაურებს საშვი დასჭირდებათ რეგიონებს შორის მატარებლით, ბორნით, თვითმფრინავითა თუ ავტობუსით გადაადგილებისას.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ე.წ. მწვანე სერტიფიკატთან დაკავშირებული საკითხები. მწვანე სერტიფიკატის მოქმედება პარასკევიდან შედის ძალაში და მისი წარდგენა სავალდებულო ხდება სასადილოს შიდა სივრცეებში, თეატრებში, აუზებზე, სავარჯიშო დარბაზებში, მუზეუმებსა და საზოგადოებრივი შეკრების სხვა ადგილებში შესასვლელად. ახალი წესების თანახმად, ამ დაწესებულებებით სარგებლობა შეეძლებათ ორი ან ერთი დოზით ვაქცინირებულებს, იმათ, ვისაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, აკრძალოს უცხო ქვეყნებიდან აუცრელი მოქალაქეების მიღება.
ახალი წესის მიღების კონკრეტული დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.