მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში სახმელეთო და საჰაერო სახანძრო დანაყოფები ათენთან ახლოს, ჩრდილო-აღმოსავლეთით 25 კილომეტრში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს სამშაბათს, დაახლოებით შუადღეს გაჩნდა. ახლა კი პარნითის მთის, ინდუსტრიული ზონის, მონასტრებისა და სამხედრო ავიაბაზის სიახლოვეს ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ხანძრის ლოკალიზების პროცესში 100 მეხანძრე, 5 ვერტმფრენი, 4 თვითმფრინავი, მოხალისეები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ავტოპარკია ჩართული.

საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურმა სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სახლები დაეტოვებინათ. შემდეგ კი კარდაკარ სიარულით შეამოწმეს, დაცლილი იყო თუ არა სახლები. ასევე გაიყვანეს ყველა პირი ახლომდებარე ბავშვთა ბანაკიდან.

ხანძრის გამო ენერგომომარაგების პრობლემა შეიქმნა ათენში, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა.

გასული კვირიდან საბერძნეთში სითბური ტალღის გამო ტემპერატურა 42 გრადუსამდე აღწევს. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, სიცხეები პარასკევამდე გაგრძელდება. ამჟამად ქვეყნის რამდენიმე ადგილასაა ხანძარი გავრცელებული. ესენია: კუნძულები როდოსი, ევბეა, კოსი, ცენტრალური საბერძნეთი და პელოპონესის ნახევარკუნძული. ხანძარს ასევე ებრძვიან თურქეთში, იტალიასა და ალბანეთში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend