მთავარიამერიკააშშნიუ-იორკში 16 აგვისტოდან კოვიდპასორტების დახურულ სივრცეებში წარდგენა სავალდებულო გახდება

ნიუ-იორკში 16 აგვისტოდან კოვიდპასორტების დახურულ სივრცეებში წარდგენა სავალდებულო გახდება

ქალაქ ნიუ-იორკში მოქალაქეებს მალე ქალაქის შიდა სივრცეებით სარგებლობისას კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოუწევთ.

ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ 3 აგვისტოს გააკეთა განცხადება. შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკი პირველი ქალაქია, სადაც ასეთი შეზღუდვები დაწესდება.

ახალი რეგულაციები ძალაში 16 აგვისტოდან შევა და შეეხება ისეთ ადგილებს, როგორებიცაა დახურული სასადილოები, სავარჯიშო დარბაზები და გასართობი დაწესებულებების შიდა სივრცეები. დე ბლაზიომ ხაზი გაუსვა ასევე  თითოეული ნიუიორკელის ვაქცინაციის მნიშვნელობას.

ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, აცრილი მოქალაქეებისთვის ქალაქის კარი ღია იქნება. ისინი შეძლებენ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომლებსაც ქალაქი სტუმრებსა და მცხოვრებლებს სთავაზობს. აუცრელი მოქალაქეები კი ბევრ ღონისძიებაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

გასულ  კვირას ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულები ვალდებული იქნებიან, სექტემბრამდე აიცრან ან ყოველ კვირას ტესტირება ჩაიტარონ. ის ასევე თითოეულ აცრილ ადამიანს 100 დოლარს დაჰპირდა. ოფიციალური ინფორმაციით, ნიუიორკელთა ზრდასრული მოსახლეობის 66 პროცენტი ვაქცინის ორივე დოზითაა აცრილი.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურდა, რომ ზრდასრული ამერიკელების 70 პროცენტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც ჰქონოდა მიღებული. ამ მიზანს ერთი თვის დაგვიანებით, გასულ ორშაბათს მიაღწიეს. ქვეყანაში კორონავირუსის დელტა ვარიანტი სწრაფად ვრცელდება, რამაც საავადმყოფოების გადატვირთვა და ახალი რეგულაციების დაწესება გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend