მთავარიამერიკააშშბლუზმენ ბადი გაის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

ბლუზმენ ბადი გაის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

ბლუზის სამშობლოდ მისისიპის დელტას მიიჩნევენ, თუმცა მეოცე საუკუნეში ფერადკანიანთა ქალაქებში მიგრაციის შემდეგ ბლუზის ცენტრმა ჩიკაგოში გადაინაცვლა. სწორედ აქ უკრავდა ლუიზიანელი ბლუზმენი ბადი გაი. საზოგადოების ყურადღება მან გიტარაზე დაკვრის ექსცენტრული სტილით მიიქცია.

„ჩიკაგოში როცა ჩავედი, გიტარისტების უმეტესობა, მათ შორის მადი უოტერსი, სკამზე დამჯდარი უკრავდა. მე ვიცოდი, რომ მათზე უკეთესად ვერ დავუკრავდი, მაგრამ შემეძლო, თავი სხვანაირად გამომეჩინა. დაკვრისას ფეხზე დავდექი და სცენიდან გადავხტი. ასე მივიქციე ხალხის ყურადღება“, – იხსენებს მუსიკოსი ბადი გაი.

1950-იან წლებში ბლუზი ფართო საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობდა. კონცერტებს უმეტესად ფერადკანიანები ესწრებოდნენ. თუმცა, იმის შემდეგ, რაც ბლუზის შესრულება ბრიტანელმა მუსიკოსებმაც დაიწყეს, ამ ჟანრით მეტი ადამიანი დაინტერესდა.

„ბრიტანულმა როკმა ბლუზის პოპულარობას შეუწყო ხელი. თეთრკანიან ამერიკელებს აქამდე ის მოსმენილი არ ჰქონდათ. ერთხელ ცნობილი როკჯგუფი „როლინგ სტოუნზი“ ამერიკულ სატელევიზიო გადაცემაში მიიწვიეს. მიკ ჯაგერმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუკრავდნენ, თუ მათთან ერთად ბლუზმენ მადი უოტერსაც მიიწვევდნენ. „როლინგ სტოუნზმა“ სახელი სწორედ მისი სიმღერის პატივსაცემად დაირქვა. ტელევიზიაში კი მისი სახელი არც კი ჰქონდათ გაგონილი“, – ამბობს მუსიკოსი.

ბადი გაის დაკვრის ვირტუოზულმა სტილმა გავლენა იქონია ლეგენდარულ გიტარისტ ჯიმი ჰენდრიქსზეც. ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ბადი გაის მუსიკალურ კარიერას შეეხება, 27 ივლისს გამოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend