მთავარისაქართველოსაქართველოში „პფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზა შემოვიდა

საქართველოში „პფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზა შემოვიდა

31 ივლისს, საქართველოში „პფაიზერის“ ვაქცინის დამატებით 168 000 დოზა შემოვიდა. 30 ივლისს იმუნიზაციის საბჭოზე მთავარი განსახლიველი თემა „პფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესის გაფართოება გახლდათ.

აქამდე „პფაიზერით“ ვაქცინაცია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ტარდებოდა, ახლა კი ვაქცინაცია პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შვიდმა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა სურვილი „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე.

ვაქცინაციის პროცესი აქტიურდება და ქვეყნის დიდი ქალაქების გარდა, სოფლებსაც მოიცავს. გარდა „პფაიზერით“  ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისა,  მოსახლეობა სოფლებში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით აიცრებიან.

„რაიონული ცენტრის დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს ემსახურება სოფლის მოსახლეობას სპეციალიზებული სერვისებისთვის. ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება ის, რომ მათ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით. ამ პროცესში ჩაერთვებიან ოჯახის ექიმები. ასევე სადაც საჭირო იქნება გამოვიყენებთ გასვლით მობილურ ამბულატორიებს, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. აქ საუბარია „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრების გაფართოებაზე. „პფაიზერი“ ჯერჯერობით მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საუბარია ქრონიკულ პაციენტებზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კონკრეტული ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, შესაძლებლობა ექნებათ სხვა წარმოების ვაქცინით აიცრან.

„ალერგიული რეაქციების ასეთი კასკადი, რომელსაც სჭირდება ვაქცინის ჩანაცვლება ძალიან ცოტაა. ესეთი გახლავთ სულ ორი, სამი ადამიანი. ესეც მინდა, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს. გვერდითი მოვლენების რაოდენობა მინიმალურია. მაგალითად, თუ გვერდითი რეაქცია არის „პფაიზერის“ ვაქცინაზე, შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა ან „ასტრაზენეკა.“- ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ბოლო დღეების განმავლობაში კი შედარებით შემცირდა მძიმედ დაავადებული პაციენტების რაოდენობა პედიატრიულ კლინიკებში. იმუნიზაციის საბჭოს წევრის, ივანე ჩხაიძის, განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ არის.

„ასევე მძიმედ ავადმყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პრობლემა არ შექმნილა. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის საწოლები საკმარისია პაციენტების მისაღებად, ხელოვნური სუნთქვის აპარატები ასევე საკმარისია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ მხრივ დღევანდელი მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს იყო 10-15 დღის წინ.“-ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ამ დროისთვის საავადმყოფოებში 6700 საწოლია მობილიზებული. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი დაემატა კიდევ 600 საწოლი. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კვლავ მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ დროულად აიცრან და მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend