მთავარი ამერიკა აშშ „განდევნე ლოცვით“ - დოკუმენტური ფილმი სექსუალური ორიენტაციის შეცვლის თერაპიის შესახებ

„განდევნე ლოცვით“ – დოკუმენტური ფილმი სექსუალური ორიენტაციის შეცვლის თერაპიის შესახებ

“განდევნე ლოცვით“ – ასე ჰქვია სტრიმინგ პლატფორმა „ნეთფლიქსის“ ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც სექსუალური ორიენტაციის შეცვლის თერაპიის მავნე პრაქტიკის შესახებაა მოთხრობილი. ამ სახის თერაპიას ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი რელიგიური ორგანიზაცია უჭერს მხარს. ისინი მოუწოდებენ ჰომოსექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, უარი თქვან საკუთარ იდენტობაზე.

„ამ თემის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება იმის შემდეგ გადავწყვიტე, რაც სექსუალური ორიენტაციის შეცვლის თერაპიისგან გამოწვეულ ტკივილსა და ტრავმას პირადად გადავაწყდი. ჩემმა ტრანსსექსუალმა ბიძამ გაიარა ეს თერაპია. ამ გამოცდილებამ მას ძალიან უარყოფითი ფსიქოლოგიური დაღი დაასვა”, – ამბობს რეჟისორიკრისტინ სტოლაკისი.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის განცხადებით, სექსუალური ორიენტაციის შეცვლის თერაპიამ შესაძლებელია, ადამიანის ფსიქიკა მძიმედ დააზიანოს. მიუხედავად ამისა, ეს პრაქტიკა ამერიკის არაერთ შტატში კვლავ ლეგალურია.

„ფილმი სექსუალური ორიენტაციის შეცვლის თერაპიის მხარდამჭერი ორგანიზაციების ყოფილი ლიდერების შესახებაა, რომლებიც ადრე აცხადებდნენ, რომ ამ თერაპიის საშუალებით მათ შეძლეს საკუთარი თავის შეცვლა. თუმცა ახლა ისინი აკრიტიკებენ ამ მოძრაობას. ფილმი ასევე მოგვითხრობს იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ამ თერაპიის მსხვერპლი გახდა. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკაში დაახლოებით შვიდასი ათასმა ადამიანმა გაიარა ეს პროცესი. ეს პრაქტიკა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. იმედი გვაქვს, რომ ამ ფილმით ხალხი უფრო მეტს გაიგებს ამ საკითხის შესახებ“,- ამბობს რეჟისორი კრისტინ სტოლაკისი.

დოკუმენტური ფილმის ნახვა სტრიმინგ პლატფორმა „ნეთფლიქსზე“ უკვე შესაძლებელია.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend