მთავარი ევროპა იტალია იტალიაში მწვანე სერტიფიკატების სისტემის შემოღებას აპროტესტებენ

იტალიაში მწვანე სერტიფიკატების სისტემის შემოღებას აპროტესტებენ

ექვსი აგვისტოდან იტალიაში „მწვანე სერტიფიკატის“ სისტემა ამოქმედდება. იმ ადამიანებისთვის კი, რომლებიც ვაქცინის მიღებაზე უარს ამბობენ,  შეზღუდვები დაწესდება.

ახალმა წესებმა მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების დაწესება ადამიანებს აცრის გაკეთებისკენ უბიძგებს, ხოლო ნაწილი კი კანონმდებლობას დისკრიმინაციულად მიიჩნევს.

მწვანე სერტიფიკატების გასაპროტესტებლად იტალიის ქუჩებში ოცდაათ ათასამდე ადამიანი გამოვიდა. მათი აზრით, ახალი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში იტალია ნაცისტურ გერმანიას დაემსგავსება. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი მწვანე სერტიფიკატების სისტემის ამოქმედებას მიესალმება. მათ ერთი სული აქვთ, ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

იტალიის ჯანდაცვის უწყებებში აცხადებენ, რომ ახალი შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ ვაქცინაციის ჯავშნების რაოდენობა ორასი პროცენტით გაიზარდა.

„ვფიქრობ, რომ მწვანე სერტიფიკატის ამოქმედების შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ვაქცინაცია, იძულებული გახდებიან, აიცრან. აცრის გარეშე მათ დისკომფორტი შეექმნებათ“, – ამბობს რომში მცხოვრები მოქალაქე.

„ბუნებრივია, საზოგადოების ნაწილი ამ სიახლეს ეწინააღმდეგება. მაგრამ მაინც არ მესმის, განა არ უნდათ, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ? მე “მწვანე სერტიფიკატის” მომხრე ვარ. სხვანაირად პანდემიის დამარცხება არ გამოვა“,  – ამბობს რომში მცხოვრები მოქალაქე.

რომში მდებარე ამ რესტორანში მხოლოდ აცრილ ადამიანებს შეეძლებათ შესვლა.

„ასე თავს უფრო დაცულად გრძნობს პერსონალიც და მომხმარებელიც. შეიძლება შემოსავალი ნაწილობრივ დავკარგოთ, თუმცა სხვა გზა არაა“, – ამბობს რომში მცხოვრები მოქალაქე.

ზოგი ადამიანი პირადი ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგია.

„ძალიან გამაღიზიანებელია. რატომ უნდა ვაჩვენო ჩემი საბუთი. პანდემიის შედეგად ჩვენი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა“, – ამბობს რომში მცხოვრები მოქალაქე.

“მწვანე სერტიფიკატების” საკითხი აქტიურად განიხილება იტალიის პარლამენტში. ამ თემამ მმართველი კოალიციის ერთობასაც კი შეუქმნა საფრთხე.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი ვაქცინაციის მოწინააღმდეგებს აკრიტიკებს, ხოლო „ლიგის პარტიის“ ლიდერი მატეო სალვინი მთავრობას მოუწოდებს, აქციის მონაწილეებს მოუსმინოს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend