მთავარიამერიკამექსიკამეხიკოში ფრიდა კალოს ნახატების ინტერაქციული გამოფენა გაიმართა

მეხიკოში ფრიდა კალოს ნახატების ინტერაქციული გამოფენა გაიმართა

მექსიკის დედაქალაქში მხატვარ ფრიდა კალოს ნამუშევრების ინტერაქციული გამოფენა გაიმართა. მექსიკელი ხელოვანის გაცოცხლებული ნახატები კედლებზე მაღალტექნოლოგიური პროექციების საშუალებით არის წარმოდგენილი. დარბაზებში მექსიკური ფოლკლორული მუსიკა და ფრიდას ლექსები ისმის.

„ემოციებით აღსავსე ვარ. საოცარი შეგრძნებაა. ფრიდა კალოს ახლოდან გაცნობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა“, – ამბობს დამთვალიერებელი ფაბიოლა სერვანტესი.

„აქ ყოფნისას ფრიდა კალოს მიმართ თანაგრძნობა გამიჩნდა. მას ცხოვრებაში ბევრი რამ გადახდა, რაც მის მხატვრობაში არის ასახული“, – ამბობს დამთვალიერებელი ესტეფანია კორტესი.

ფრიდა კალო განსაკუთრებით იყო დაინტერესებული მექსიკური კულტურით. მისი ნამუშევრები უმეტესად პრიმიტივიზმის სტილშია შესრულებული. ფრიდა კალო მექსიკის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მის ნახატებში განხილულია ისეთი თემები, როგორებიცაა პოსტკოლონიალიზმი, იდენტობა, სოციალური ფენები, ასევე გენდერული თუ რასობრივი საკითხები.

ახალგაზრდობისას ფრიდა კალო ავარიაში მოყვა. უბედური შემთხვევის გამო მხატვარს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ფრიდა კალო წარმატებულ მექსიკელ მხატვარზე დიეგო რივიერაზე დაქორწინდა. ამის გამო მას ხშირად მეუღლის ჩრდილქვეშ უწევდა ყოფნა. კრიტიკოსები ფრიდა კალოს მხატვრობით მხოლოდ მისი სიკვდილის შემდგომ, 1970-იანი წლების ბოლოს, დაინტერესდნენ. დღესდღეობით ფრიდა კალო მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად ითვლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend