მთავარისაქართველოსაქართველოში ახალი შეზღუდვები არ იგეგმება

საქართველოში ახალი შეზღუდვები არ იგეგმება

ქვეყნის ხელახალი ჩაკეტვა და ახალი შეზღუდვები აღარ იგეგმება – განაცხადა დღეს, 26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ პანდემიის მართვა არჩია. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას ვაქცინაციისკენ, რადგან მისი თქმით, ეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთადერთი გზაა. მისი თქმით, ვირუსის ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში ბოლო ხანს მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

საქართველოში ახალი შეზღუდვები არ იგეგმება. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ახლა პანდემიას მხოლოდ აცრები შეაჩერებს, ამიტომ ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის გზად ვაქცინაციას მიიჩნევს.

“ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანად ვმართოთ პანდემია. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებსა და შეზღუდვებს. ეს იქნება ძალიან დიდი ზიანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი.“- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთათვის კლინიკებში 6000 საწოლია გამოყოფილი. მათ შორის 5200 საწოლი უკვე დაკავებულია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სულ მალე საავადმყოფოებში 1500 დამატებითი ადგილი იქნება.

„დღეს გამოცდილება კლინიკურ ჯგუფსაც და კლინიცისტებსაც ახალი შემთხვევების მართვის ბევრად უკეთესი აქვთ, ვიდრე ეს გვქონდა პირველი, მეორე და მესამე ტალღის დროს. ასევე არის მედიკამენტები ხელმისაწვდომი. ინვაზიური თუ არაინვაზიური სუნთქვის აპარატები ყველა კლინიკაშია. ასე რომ კლინიკური მართვის შესაძლებლობები მაქსიმალურად არის შექმნილი“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებშიც. დღეიდან ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში „პფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. ამ დროისთვის „პფაიზერით“ ვაქცინაციის ჩასატარებლად შვიდი სამედიცინო  ბრიგადა მუშაობს.

„ამასთან კვლავ გრძელდება ვაქცინაცია “სინოფარმითა” და “სინოვაკით“. „პფაიზერის“ ვაქცინაციაზე შვიდი ბრიგადა მუშაობს. მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი. „პფაიზერისვაქცინისთვის დღეს დაახლოებით 500 ადამიანი დარეგისტრირდა“,- ამბობს ეპიდემიოლოგი ნინო ჩიქოვანი.

ამ დროისთვის, საქართველოში „პფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობა 154 621-ია.

დღეს, 26 ივლისს, ვაქცინაციის პროგრამა 37 დაწესეულებაში დაიწყო. დამატებით დოზებზე კი რეგისტრაცია კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიხსნება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend