მთავარიაზიაავღანეთიავღანეთის მთავრობამ თალიბანის გადაადგილების შესაზღუდად ერთთვიანი კომენდანტის საათი დააწესა

ავღანეთის მთავრობამ თალიბანის გადაადგილების შესაზღუდად ერთთვიანი კომენდანტის საათი დააწესა

გასული ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ავღანეთი საერთაშორისო სამხედროებმა დატოვეს, ავღანეთის მთავრობის შეიარაღებულ ძალებსა და თალიბანს შორის შეტაკებები არ წყდება.

თალიბანი თითქმის ნახევარ ქვეყანას აკონტროლებს. მან ასევე გადაკეტა მნიშვნელოვანი გზები და რამდენიმე დიდ ქალაქს მიუახლოვდა, თუმცა ჯერ არც ერთ წამყვან ქალაქზე კონტროლი არ მოუპოვებია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ თალიბანი ქვეყანაზე კონტროლს 6 თვეში მოიპოვებს. თუმცა თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ ავღანეთის სამხედრო ძალებს თალიბანის შეჩერება ჯერ კიდევ შეუძლიათ.

„პირველ რიგში, ავღანეთის სამხედრო ძალებმა უნდა შეაჩერონ თალიბანის თავდასხმები. შემდეგ ისინი შეძლებენ, რომ ის ტერიტორიები დაიბრუნონ, რომლებიც თალიბანს უკავია. მე ავღანეთის ხელმძღვანელობასთან მაქვს ურთიერთობა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მათი გეგმა სწორედ ეს არის. ჩვენ პროგრესს ველით. მათ გააჩნიათ იმის უნარი და შესაძლებლობები, რომ თალიბანის შეტევები შეაჩერონ”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ავღანეთის მთავრობამ გადაადგილება საღამოს 10 საათიდან დილის 4 საათამდე შეზღუდა. კომენდანტის საათი არ მოქმედებს დედაქალაქ ქაბულსა და კიდევ ორ პროვინციაში. ავღანეთის მთავრობის განცხადებით, რეგულაციების შემოღების მიზანი თალიბანის გადაადგილების შეზღუდვაა.

თალიბანის მიერ ტერიტორიების დაკავებას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდასხმებით უპასუხა. თუმცა ამერიკული სამხედრო ოპერაცია ავღანეთში 31 აგვისტოს სრულდება და არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში საერთაშორისო სამხედროების მისიის დასრულების შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend