დღეს, 23 ივლისს იაპონიაში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები იწყება. სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ იაპონიის დედაქალაქში, სადაც გახსნის ცერემონია გაიმართება.
თუმცა წლევანდელი თამაშები კოვიდრეგულაციების გამო უჩვეულო გარემოში ჩაივლის. თამაშებზე დასწრებას ვერ შეძლებენ მაყურებლები, სპორტსმენთა ოლიმპიურ სოფელშიც კორონავირუსის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მოახლოებასთან ერთად, გუნდები და მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები იაპონიის დედაქალაქისკენ მიემართებიან.
როგორ პირობებში მოუწევთ სპორსტმენებს ყოფნა და როგორი იქნება მათთვის ცარიელ სტადიონებზე ასპარეზობა, ამ და სხვა თემებზე ევრონიუსი ბრიტანელ მხტომელს აბიგეილ იროზურუს გაესაუბრა.
სიგრძეზე მხტომელი აბიგეილ იროზურუ ამბობს, რომ ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სპორტსმენებს ყოველდღიურად დილის 10 საათამდე კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. სასტუმროს დატოვება მხოლოდ სავარჯიშო სივრცეში წასასვლელად შეუძლიათ. მისი თმით, იქ ყველანაირი აღჭურვილობა და საუკეთესო პირობებია. მიუხედავად რეგულაციებისა, განწყობა მაინც დამაიმედებელი და ამაღლებულია, რადგან მათ წილად ხვდათ პატივი, ქვეყანა ასეთ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე წარედგინათ.
მაყურებლის გარეშე ასეთი ღონისძიების ჩატარება უჩვეულო იქნება მათთვის, ვინც ტელევიზიით ადევნებს თვალს. მაყურებლის გარეშე ასპარეზობა არც სპორტსმენებისთვის იქნება მარტივი. თუმცა სპორტსმენებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ ისინი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ და იციან, რომ ტელევიზიის, მობილური ტელეფონებისა თუ დიდი ეკრანის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. იროზურუს სჯერა, რომ ამის გააზრება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სპორტსმენებს მიეცეთ ძალა, უფრო სწრაფად ირბინონ, ისროლონ შორს და უფრო დიდ მანძილზე გადახტნენ.
კლასიკური ოლიმპიური სპორტის ნაირსახეობების გარდა, როგორებიცაა ტანვარჯიში და ძიუდო, წლევანდელ ტურნირზე სპორტსმენები სპორტის 6 ახალ სახეობაშიც შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მათ შორისაა სკეიტბორდინგი და სერფინგი.
ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტომდე გაგრძელდება.