მთავარისაქართველოსაქართველო „პფაიზერის“ ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს

საქართველო „პფაიზერის“ ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს

საქართველო დღეს ღამით „პფაიზერის“ ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას, ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად მიიღებს. პირველ დოზებზე რეგისტრაცია ხვალიდან, 24 ივლისს დაიწყება და დარეგისტრირებას არასრულწლოვანი, 16 და 17 წლის მოქალაქეებიც შეძლებენ. საქართველოში ეს სიახლეა. „პფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა. საქართველოში აცრის შესაძლებლობა ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და განათლების მიზნით მყოფ სტუდენტებსაც ექნებათ.

ფპაიზერის“ ვაქცინის საქართველოში შემოსვლამდე რამდენიმე საათი რჩება. საქართველო 24 ივლისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის ნახევარ მილიონ დოზას მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პირობას დებს, რომ ამჯერად ვაქცინაზე მომდევნო რეგისტრაცია შეუფერხებლად ჩატარდება, მისი თქმით, საიტი უკვე გამართულია და პრობლემებიც აღარ შეიქმნება. ასევე შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.

„რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რომელიც რეალურად უმნიშვნელო ცვლილებაა, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზრდის საიტის შეუფერხებელ მუშაობას და რაში მდგომარეობს ეს – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლდა სრულიად და მისი გამტარუნარიანობა არის მნიშვნელოვანად გაზრდილი. ამას განვმარტავ, რომ პირველი რეგისტრაციის დროს, აიტი სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 000 ჯავშანზე მოდიოდა 120 ათასი მსურველი და, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდება იყო შეზღუდული, ამან გამოიწვია ის შეფერხებები საიტზე, რომელიც ჩვენ გვქონდა პირველი დოზების დარეგისტრირების დროს“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2460-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა უმეტესობა კვლავ თბილისში გამოვლინდა. ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი კვლავ 6%-ზე მეტია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ამცრელი პუნქტები დიდ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა. თბილისის გარდა მსგავსი სივრცეები დიდ ქალაქებშიც მოეწყობა. მათივე განმარტებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აიცრებიან.

„მე, მაგალითად, მომხრე ვარ, იგივე ღია სივრცეებშიც ვთქვით ჩვენ, იქ, სადაც 5 და 10 ადამიანი იკრიბება, მაგალითად, რასაც ბათუმის ბულვარზე ვუყურებთ, მეც სიამოვნებით ვისეირნებდი, დრო რომ მქონდეს, იმდენი ხალხი რომ სეირნობს, სჯობს იგივე საკუთარი დაცვისა და სხვისი დაცვისთვის, რომ იმ სეირნობის დროს ახლა ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, იტყვიან, რომ ახლა გამყრელიძე წყალში მოითხოვს კიდე პირბადის გაკეთებასო და არა, ბატონებო, სეირნობის დროს, როცა ბევრი ადამიანია და დისტანციას ვერ იცავთ ერთმანეთთან, სასურველია, გვეკეთოს პირბადე“, – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

„უსაფრთხო იქნება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგები იქნებიან აცრილები, მშობლები იქნებიან აცრილები. ბავშვი საიდანღაც ხომ ინფიცირდება. ბავშვი ინფიცირდება ოჯახიდან ან სადაც დადის. ამიტომ თუ უფროსები იქნებიან ვაქცინირებულები, შესაბამისად, ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში დაშვებულია 12 წლიდან. ჩინეთში საუბარია, რომ 3 წლიდანაც შეიძლება“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

რეკომენდაციები კვლავ უცვლელია – დისტანცია, პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიაჩნიათ, რომ ახლა, პანდემიასთან ბრძოლისას, ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ მათი ჯანრმთელობა არა ჯარიმებზე, არამედ მათ ინდივიდუალურ პასუხისმგებლბოაზე გადის.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend