მთავარისაქართველოსიძულვილის გამომხატველი ჯგუფების ორგანიზატორების ვინაობა გამოძიებამ კვლავ ვერ დაადგინა

სიძულვილის გამომხატველი ჯგუფების ორგანიზატორების ვინაობა გამოძიებამ კვლავ ვერ დაადგინა

„ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქარველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციისას ჩადენილი დანაშაულისთვის ყველა მოძალადე დასჯილია. ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული ღონისძიების მოწინაღმდეგეებმა 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც 53 ჟურნალისტი დაშავდა. ამ დრომდე დაზარალებულად 42 მათგანია ცნობილი. სიძულვილის გამომხატველი ჯგუფებიდან 28 პირს აქვს ბრალი წარდგენილი. ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების ვინაობის შესახებ კი გამოძიებას კვლავ არ აქვს პასუხი.

„ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა“ – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. თუმცა ეს ქუჩაში უბრალოდ ჩხუბი არ იყო. ეს მოძალადე ჯგუფების აქციაა იყო, სადაც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. უმოწყალოდ სცემდნენ და აზიანებდნენ გადამღებ ტექნიკას. ამ დღეს ლექსო ლაშქარავაც აქციას აშუქებდა, მასზე ძალადობა კი ვერავინ აღკვეთა.

„ეს სიყალბე და ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები იმ ადამიანებს, ვინც თქვენი მმართველები არიან. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“, – უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 23 ივლისს, ერთ-ერთ ღონისძიებაზე.

ჟურნალისტებზე ძალადობის გარდა, ვერც „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისების დარბევა აღკვეთეს სამართალდამცველებმა 5 ივლისს. ამ დღეს მოძალადე ჯგუფების აქცია დიდი ზეიმით დასრულდა. აქციის ორგანიზატორების ვინაობა ჯერ ისევ ვერავინ დაადგინა, მონაწილეებიდან კი ბრალი 28 პირს წარედგინა. დაშავებულები დაკავებულზე კვლავ ბევრად მეტია.

„ჩვენ ვუყურებდით, რომ ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდა ერთდროულად 10-20 ადამიანი, ამიტომ შეუძლებელია, რომ ყველა მოძალადე იყოს დასჯილი. და რაც ყველაზე მთავარია, არ დამდგარა ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს პირები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იდენტიფიცირებულები არ არიან. ის, რაც ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ, იყო ორგანიზებული, ძალადობრივი ქმედება ჟურნალისტების მისამართით“, – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

ზუსტად 18 დღეა გამოძიება ეძებს, ვინ მოაწყო ე.წ. „ქუჩაში ჩხუბი“ – რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend