მთავარი საქართველო საქართველო კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე 56-ე ადგილს იკავებს

საქართველო კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე 56-ე ადგილს იკავებს

საქართველო წითელ ზონაშია.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი ბოლო დღეებში 6%-ს სცდება.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი და ასევე სასტუმროების ქსელის გაფართოებაზე მიდის მუშაობა.

მომატებულია პედიატრიული შემთხვევების რიცხვიც.

„ სამწუხაროდ, ახალშობილებში ორი გარდაცვალება დაფიქსირდა. თუმცა, სხვა შემთხვევების უმეტესობა, საბედნიეროდ, არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბავშვებშიც“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით. ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად საქართველოში 150-200 ბავშვი ინფიცირდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

„რა თქმა უნდა, უფრო მეტი პაციენტია საავადმყოფოებში. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტია რისკი მძიმე შემთხვევების. უფრო მეტია რისკი, რომ ისინი საჭიროებენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობას. ეს ერთ-ერთი თავისებურებაა კორონავირუსის დელტა ვარიანტის, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მომდევნო დღეები და კვირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ბავშვების ლეტალობის თვალსაზრისითაც“, – თქვა „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მაღალი შემთხვევა თბილისსა და აჭარაში დასტურდება. მომატებულია სხვადასხვა შტამები.

„ამ ეტაპისათვის, დაახლოებით, შვიდ შტამამდე არის უკვე მსოფლიოში. ბოლო გამოჩნდა ეს ლამბდა შტამი, რომელიც სამხრეთ ამერიკაშია, მაგრამ ყველა შეთანხმებულია, რომ ამ ეტაპზე იმ შტამებიდან, რომლებიც არსებობს, ყველაზე სახიფათოა დელტა შტამი. მისი სირთულე გამოიხატება იმაში, რომ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, ეს დელტა შტამი სწორედ ახალგაზრდების ორგანიზმის უჯრედებში უფრო სწრაფად იჭრება. ეს ერთი მომენტია და მეორე მომენტი, რამაც გაამძაფრა კიდევ ბავშვებსა და ახალგაზრდებში არის ის, რომ ახალგაზრდების იმუნური სისტემა ძლიერია და მოხდა ისეთი რაღაც, რომ ძლიერმა იმუნურმა სისტემამ შეიძლება, ძალიან ძლიერი პასუხი მისცეს და იწყება ე.წ. ციტოტინური შტორმი“, – აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის მთავარ მექანიზმად ვაქცინაციის პროგრამა რჩება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

პანდემიაპანდემია

Send this to a friend