მთავარისაქართველოდაზარალებული ჟურნალისტები და გამოძიების ეტაპი

დაზარალებული ჟურნალისტები და გამოძიების ეტაპი

მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით დამატებითი მოკვლევის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

5 ივლისს, თბილისში, ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის საქმეებზე, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება. სამართალდამცველები ამ დრომდე სწავლობენ ყველა იმ ვიდეომტკიცებულებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარედგინა. ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევაში დაშავებული ჟურნალისტები და ოპერატორები მონაწილეობენ. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარდა, მედიის რამდენიმე წარმომადგენელს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

“ჩემი დაბარების მიზეზი არის პროცედურული საკითხი. ხელი უნდა მოვაწერო დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, რის შემდეგაც ადვოკატთან ერთად მექნება საშუალება გავეცნო საქმის მასალებს და მქონდეს წვდომა რა ეტაპზეა გამოძიება. რამდენადაც ვიცი, ჩემზე და ჩემს ოპერატორზე განხორციელებული ძალადობის არც ერთი მონაწილე დაკავებული არ არის“, – აღნიშნავს “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე.

ადვოკატების თქმით, საგამოძიებო უწყება კონკრეტული ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეომასალების შესწავლისთვის, დამატებით გამოკითხვებს აწარმოებს.

„თბილისს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაბარებულია “რუსთავი 2“-ის ოპერატორი ზურაბ მანაგაძე, რომელთან ერთადაც, მოხდება 5 ივლისს გადაღებული ვიდეომასალის დათვალიერება. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ჩვენ, მე როგორც ადვოკატი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ღიად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას“, – ამბობს ადვოკატი  ნინო ბარაჩაშვილი.

ჟურნალისტების გამოკითხვის და მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პარალელურად, “TV პირველის” ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 5 ივლისს თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივ კონტრაქციაზე, “TV პირველის” ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია ორი პირი. სულ კი პოლიციას 26 პირი ყავს დაპატიმრებული. აქედან რამდენიმეს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend