მთავარისაქართველოსაქმიან შეკრებებზე დასასწრებად PCR ტესტის ჩატარება სავალდებულო გახდა

საქმიან შეკრებებზე დასასწრებად PCR ტესტის ჩატარება სავალდებულო გახდა

თეონა ურუშაძე თავის პროფესიაში წინსვლისათვის, აქტიურად ესწრება სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და კონფერენციებს. გასულ კვირას იგი რამდენიმე ტრენინგზე დარეგისტრირდა, თუმცა პარასკევს გაიგო, რომ საზოგადოებრივ შეკრებებზე დასასწრებად PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაა აუცილებელი.

„PCR ტესტების ვალდებულება მესმის და სოციალურ პასუხისმგებლობასაც ვიაზრებ, თუმცა პრობლემაა, რომ ყველას არ აქვს მისი გადახდის საშუალება. მე და ჩემი მეგობრები ერთ-ერთ ტრენინგზე ვიყავით დარეგისტრირებული, თუმცა ახლა ალბათ იგი ჩაიშლება ან ონლაინ გაიმართება, მაგრამ ვირტუალურად ჩატარებული ტრენინგები, როგორც წესი, ისეთი ეფექტიანი არ არის“, – ამბობს თეონა ურუშაძე.

ამიერიდან, PCR ტესტირება ორგანიზაციულ შეკრებაზე დასასწრებად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის აუცილებელი.

სასტუმროს ბიზნესის კონსულტანტის, გიორგი დოლიძის აზრით, ეს სიახლე ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის.

„PCR ტესტი აგვარიდებს ინფიცირებული ადამიანების თავშეყრის ადგილას მოხვედრას, თუმცა ეს იქნება პირდაპირი დარტყმა სასტუმრო ბიზნესისათვის, და ვფიქრობ, რომ დაახლოებით 75-80% ამ ღონისძიებებისა გაუქმდება, ვინაიდან, შესაძლოა ტესტის საფასურის გადახდა ვერც ორგანიზატორმა და ვერც დამსწრეებმა შეძლონ“, – განუცხადა “ევრონიუს ჯორჯიას” გიორგი დოლიძემ.

ერთ-ერთი სასტუმროს გენერალური მენეჯერის მაია მახათაძის თქმით, PCR ტესტირების ვალდებულებას როგორც დადებითი ისე უარყოფითი შედეგი ახლავს.

„ერთი მხრივ, ეს ხარჯებს აძვირებს, სტუმარს კონფერენციაზე დასასწრებად უფრო მეტის გადახდა მოუწევს, თუმცა მეორე მხრივ, ალბათ ერთ-ერთი სწრაფი გამოსავალია, რომ მასშტაბურ შეხვედრებზე ინფიცირების რისკმა დაიწიოს“, – განაცხადა მაია მახათაძემ.

სასტუმროს ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტესტის აუცილებელი წარდგენის მოთხოვნის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა თუ მთავრობის ადმინისტრაცია უსაფრთხოების ისეთ ზომებს მიიღებდა, რომლებიც მომხმარებელსა და ბიზნესის წარმომადგენელს ფინანსურად ნაკლებად დააზარალებდა.

ეპიდემიოლოგების კომპეტენციაში არ ვერევით, თუმცა ხომ არ ჯობდა ორგანიზაციული შეკრებები დაშვებული ყოფილიყო მხოლოდ გარე სივრცეში, პირბადეებით, აცრილებისათვის ან სწრაფი ტესტირებით?!“ – ამბობს გიორგი დოლიძე.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend