მთავარისაქართველოდედაენის ბაღში 100 ქალი მეწარმის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

დედაენის ბაღში 100 ქალი მეწარმის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ქართული ტრადიციით დამზადებული თიხისა და ტექსტილის ნივთები; ხელნაკეთი აქსესუარები; თავის მოვლის ბუნებრივი საშუალებები; ადგილობრივი სამზარეულო –  ამ და სხვა ხელნაკეთი ნაწარმის დათვალიერება და ყიდვა 100 ქალი მეწარმის ბაზარზე, დედა ენის ბაღში, იყო შესაძლებელი.

ბარბარე გალდავა ადგილობრივი ნატურალური ნაჭრით საბავშვო კარვებს, საქანელებს, წინსაფრებსა და ჩანთებს საკუთარ სახელოსნოში ამზადებს. ის მოხარულია, რომ სხვა ქალ მეწარმეებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მიეცა.

„ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების, სხვა მეწარმეების გაცნობას. ქალები ერთმანეთს ვაძლიერებთ და ვეხმარებით. ამ შემთხვევაში ერთ გუნდად ვმუშაობთ და ერთიანი ვართ. USAID-ის პროგრამაში კარანტინის დროს დავრეგისტრირდით და გავიარეთ ტრენინგები, რამაც ძალიან გამახარა. განათლების კუთხით ძალიან დაგვეხმარა. ასეთ ღონისძიებებს, მით უმეტეს, მასშტაბურ ღონისძიებებს, რომ გააცნო ქართველებსა და უცხოელებს შენი წარმოება და ნაწარმი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს ბარბარე გალდავამ “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში. 

100 მეწარმის ბაზარი დედა ენის ბაღში პროგრამა USAID YES-Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა. ქალი მეწარმის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე მონაწილეობის მისაღებად ქვეყნის მასშტაბით დედაქალაქში 100 ქალი მეწარმე ჩამოვიდა. გამოფენა-გაყიდვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გახსნა. მისი თქმით, მეწარმეების ნაწილმა პროექტში საელჩოს მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.

„მოხარული ვარ, რომ აქ საქართველოს 100 ქალ მეწარმესთან ერთად ვარ. როგორც USAID-ი, ისე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და კერძო სექტორის პარტნიორი, მიკრო საფინანსო კრისტალი, ბევრ მათგანს დაეხმარა ბიზნესის განვითარებაში, როგორც დაფინანსებით, ასევე ტრენინგებითა და პროფესიული კონსულტაციებით. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამაყის გრძნობით ეხმარება ქალ მეწარმეებს, რადგან მთელ მსოფლიოში ქალების წვლილი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ზრდის, განმტკიცებისა და სტაბილურობის საკითხებში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

პროგრამა USAID YES – Georgia ახალგაზრდა მეწარმეებს უწყობს ხელს. პროგრამაში დღემდე 1500-მდე მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. ქალი მეწარმის ბაზრის ორგანიზატორების თქმით, YES Georgia-სა და გამოფენა-გაყიდვის მიზანია მეწარმე ქალების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მათი საქმიანობის არეალის გაფართოება და მათი ნაწარმის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის შესაძლებლობის მხარდაჭერა.

„გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი გამოსავალი მეწარმეობაა. ამ საქმეში ქალებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს მამაკაცების მხარდაჭერასაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ შევქმენით სპეციალური სერვისები, რომლებიც ეხმარება როგორც დამწყებ ქალ მეწარმეებს, ისე გამოცდილ ქალ მეწარმეებს“, – ამბობს მიკროსაფინანსო „კრისტალის“ თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.

პანდემიამ სხვადასხვა ბიზნესი რთული გამოწვევების წინაშე დააყენა. ადგილობრივ მეწარმეებს განსხვავებულ სამუშაო პირობებთან ადაპტაცია მოუხდათ. 100 ქალი მეწარმის ბაზრობა ამ გამოწვევების ერთ-ერთი საპასუხო მაგალითია.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend