მთავარიევროპაუკრაინაკიევში ჩრდილოეთის ნაკადი 2 - ის პროექტს აკრიტიკებენ

კიევში ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პროექტს აკრიტიკებენ

უკრაინის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიის, “ნაფტოგაზის” აღმასრულებელი დირექტორი ჩრდილოეთის ნაკადი 2 -ს გეოპოლიტიკური პროექტს უწოდებს. მისი აზრით ამ პროექტით ვლადიმერ პუტინი ევროპის გაყოფას და უკრაინის მოგუდვას ცდილობს.

„ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი, უირი ვიტრენკო კი აცხადებს, რომ პროექტის შეჩერების შემთხვევაში რეგიონში სტაბილურობა დამყარდება.

„ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტს შეაჩერებს. ამ გადაწყვეტილების შედეგად უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება“, – ამბობს „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი, უირი ვიტრენკო.

ვაშინგტონში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ის პროექტი რომლის მეშვეობითაც რუსეთის ფედერაცია ბუნებრივ აირს სხვა სახელმწიფოების გვერდის ავლით პირდაპირ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მიაწვდის, ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს.

„ეს ეკონომიკური პროექტი არ გახლავთ. ეს ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური პროექტია და მისი მიზანი ევროპის დაყოფა და დაპყრობაა. საბოლოო მიზანი უკრაინის მოგუდვა და რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე დაბრუნებაა“, – ამბობს უირი ვიტრენკო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ ენერგო რესურსების ტრანზიტის მეშვეობით უკრაინა ყოველწლიურად დიდ შემოსავალს იღებს.

„ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. უკრაინა ყოველწიურად ენერგორესურსების ტრანზიტით ორ მილიარდამდე ამერიკულ დოლარს იღებს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ჩვენ ამ თანხას ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ძალების მოდერნიზაციისათვის ვიყენებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სულ ახლახანს ჩრდილოეთის ნაკადი 2 – ში ჩართულ გერმანულ კომპანიებს სანქციები მოუხსნა, შესაბამისად ბერლინში იმედი აქვთ, რომ მხარეები ყველასათვის მისაღებ მოცემულობაზე შეთანხმდებიან.

რაზუმკოვის სახელობის ცენტრის მკვლევარი, სვიტლანა ჩეკუნოვა ამბობს, რომ პროექტის ამოქმედების შემთხვევაში უკრაინა შემოსავლის დიდ წყაროს დაკარგავს.

„უკრაინა დიდი რაოდენობით შემოსავალს დაკარგავს. ეს თანხა კი უკრაინის ბიუჯეტისათვის მეტად მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ არსებობს რუსეთის ფედერაციის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო ესკალაცია“,  – აცხადებს რაზუმკოვის სახელობის ცენტრის მკვლევარი, სვიტლანა ჩეკუნოვა.

რუსეთის ფედერაცია კი თავის მხრივ იძლევა გარანტიას, რომ ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გავლით 2024 წლის ჩათვლით მიაწვდის.

2014 წელის ყირიმის ანექსიისა და ორი აღმოსავლეთ უკრაინული რეგიონის ოკუპაციის შემდეგ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაძაბულია.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დროს დღემდე 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend