მთავარიევროპასაფრანგეთიველოსიპედების საუკუნოვანი ფრანგული კომპანია აზიიდან საფრანგეთში წარმოებას აბრუნებს

ველოსიპედების საუკუნოვანი ფრანგული კომპანია აზიიდან საფრანგეთში წარმოებას აბრუნებს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი საქმიანობის ყველა სფეროს შეეხო. სწორედ ამიტომ ველოსიპედების მწარმოებელი საუკუნის ტრადიციის მქონე ერთ-ერთი ფრანგული კომპანია საოპერაციო ხარჯების გაზრდის გამო წარმოებას აზიიდან საფრანგეთში დააბრუნებს. უკვე დაწყებულია ინვესტორების მოზიდვაც. როგორც პროექტის მენეჯერი აცხადებს, კომპანიის საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ 270 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

პანდემიის გამო ზოგიერთი ევროპული კომპანია იძულებული გახდა, წარმოება აზიიდან კვლავ ევროკავშირში გადმოეტანა. ველოსიპედების ცნობილ ფრანგულ კომპანია „მერსიეში“ აცხადებენ, რომ საფრანგეთში ბრუნდებიან. კომპანია არდენის რეგიონში სპეციალურად გამოყოფილ ინდუსტრიულ ტერიტორიაზე განათავსებს საწარმოებს. შეიქმნება 270 სამუშაო ადგილი. 11 მილიონი ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტის თანხის დიდ ნაწილს ფრანგი და ევროპელი გადამხდელები ფარავენ. მერილინ ლე მაუ პროექტ  „არდენს დეველოპმენტის“  მენეჯერია, იგი ინვესტორების მოზიდვას ცდილობს.

იგი აღნიშნავს, რომ კომპანია „მერსიე“, რომელსაც აზიაში ჰქონდა წარმოება, ახლა საფრანგეთში ბრუნდება. ეს კი სიცოცხლეს დააბრუნებს ქალაქ რევენში, საიდანაც ახალ თანამშრომლებს აიყვანენ.

90-იან წლებში ქალაქ რევენში 12 500 მოსახლე იყო, ახლა კი 6000-ია. კომპანიის  უფრო იაფფასიან მწარმოებელ ქვეყნებში გადატანის შემდეგ კი მოსახლეობის ნახევარმა ქალაქი დატოვა.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია კომპანია „მერსიეს“ დაბრუნების შესახებ, ადგილობრივი დასაქმების ცენტრში ასობით განაცხადი შევიდა. წარმოების მენეჯერმა ჟან მარკ სეგეზმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტეს ევროპაში დაბრუნება.

მისი თქმით, კომპანიას ძალიან დიდი ხარჯი აქვს, რომელიც მიწოდებას უკავშირდება. თუ კრიზისამდე კონტეინერში 2000 დოლარზე ნაკლებს იხდიდნენ, ახლა 12-დან 14 000-ის გადახდა უწევთ, ეს კი არარეალურია.

პანდემიის შედეგად ევროპაში გაიზარდა მოთხოვნა, როგორც მექანიკურ, ისე ელექტროველოსიპედებზე. საინვესტიციო გეგმის მიხედვით კი, არდენში  კომპანია „მერსიე“ წელიწადში ნახევარი მილიონი ველოსიპედის წარმოებას გეგმავს.  კომპანიამ მუშაობა შესაძლოა, უკვე წლის ბოლომდე დაიწყოს.

„ევრონიუსის“ ჟურნალისტის  ჰანს ფონ დერ ბრელის აზრით, ამ გზით ისინი ევროპაში სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკოსები ინვესტორებს დაუჭერენ მხარს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend