მთავარისაქართველოვინ გახდება ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრი პროფესიული ნიშნით

ვინ გახდება ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრი პროფესიული ნიშნით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკო-ს წევრობისა და თავმჯდომარეობის კადიდატებს მოუსმინეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების მოსმენა გაიმართა.

ცესკო-ს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – თამარ სართანიასა და მაია ზარიძის კანდიდატურები.

საპარლამეტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ წარმოდგენილი პიროვნებები ნდობას არ იმსახურებენ, ნაწილი კი მათ მხარს დაუჭერს.

„შემიძლია, ახლა ვისაუბრო „სტრატეგია აღმაშენებლის“, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ სახელით. ჩვენ განხილვაში მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ეს არის იმ შეთანხმების ნაწილი, რომელსაც მოვაწერეთ ხელი. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ამ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, პირდაპირ შემიძლია, ვთქვა.

სამწუხაროა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ არანაირი არჩევანი არ დატოვა, რადგან შემოგვთავაზეს ცესკო-ს მოქმედი ორი თანამშრომელი. გამოჩნდება კიდეც, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაც იყო აუცილებელი პრინციპულობა და კეთილსინდისიერება. დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები და კითხვების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ ნდობის გამოცხადებაზე შემდგომი მსჯელობა გაიმართება.

„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვუსმენთ ყველა წარმოდგენილ კანდიდატურას, როგორც ცესკოს წევრობის, ისე თავმჯდომარის თანამდებობაზე. მმართველ გუნდს ექნება შესაბამისი კითხვები მათ კვალიფიკაციასა და სხვა რიგ საკითხებზე. შემდეგ კი მათთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად მსჯელობა პარლამენტის სასესიოზე სხდომაზე გადაინაცვლებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

ცესკო-ს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანს მოუსმინა. ოპოზიციის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს აქვთ კონკრეტული მინუსები, რის გამოც შესაძლოა არც ერთს არ დაუჭირონ მხარი. მმართველი პარტიის დეპუტატები კი ამბობენ, რომ წარდგენილ კანდიდატურებს შორის მოხდება არჩევა. პარლამენტს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პირების დასამტკიცებლად ვადა თვის ბოლომდე აქვს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend