მთავარი მსოფლიო ბოლო ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში

ბოლო ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში

ანგელა მერკელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი კარიერის ბოლო ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გართულებული ურთიერთობების ფონზე, გერმანელი კანცლერი ამერიკის შეერთებული შტატების 46 – ე პრეზიდენტთან ორ სახელმწიფოს შორის კავშირების გაუმჯობესებას შეეცდება.

საგარეო ურთიერთობათა გერმანული საბჭოს დირექტორი, კეტრინ ეშბრუკი აცხადებს, რომ თეთრ სახლში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, როგორც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამოსწორების მოსურნეს, უყურებენ.

საგარეო ურთიერთობათა გერმანული საბჭოს დირექტორი, კეტრინ ეშბრუკი მიიჩნევს, რომ ანგელა მერკელი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.

„ეს ურთიერთობა ათწლეულებს ითვლის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანგელა მერკელი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. გასათვალისწინებელია, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით არის გამოსული და თავისუფლების მედლით არის დაჯილდოებული. ჩემი აზრით, თეთრ სახლში მას, როგორც ვაშინგტონსა და ბერლინს შორის თანამედროვე ურთიერთობების შემქმნელს, უყურებენ“, – აცხადებს საგარეო ურთიერთობათა გერმანული საბჭოს დირექტორი კეტრინ ეშბრუკი.

ორ სახელმწიფოს შორის არის მთელი რიგი უთანხმოებები, მაგალითად რუსული გაზსადენები, რომელთა ამუშავებასაც ვაშინგტონი არ ეთანხმება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღზევების საკითხი.

„ჩემი აზრით ამჟამინდელი ადმინისტრაცია მერკელის წასვლას ელოდება. მერკელი პოსტიდან წასვლის შემდეგ კი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკითხის ჭრილში სხვა მოცემულობის მატარებელი გახდება“, – ამბობს კეტრინ ეშბრუკი საგარეო ურთიერთობათა გერმანული საბჭოს დირექტორი.

ანგელა მერკელი პირველი ევროპელი ლიდერია რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ეწვევა თეთრ სახლს. 16 წლიანი მმართველობის განმავლობაში ანგელა მერკელს ამერიკის შეერთებული შტატების ოთხ პრეზიდენტთან მოუწია თანამშრომლობა.

ვაშინგტონში ბევრს მსჯელობენ, ახალი მთავრობის პირობებში როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს ბერლინი.

“დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში ანგელა მერკელი მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი სამიზნე იყო. ახლა კი ვაშინგტონის ტონი რადიკალურად არის შეცვლილი. თეთრ სახლში ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოცდილების მქონე კადრები დაბრუნდნენ, შესაბამისად სახეზეა ამერიკულ გერმანული ურთიერთობების გამოსწორების დინამიკა”, – ამბობს საგარეო ურთიერთობათა გერმანული საბჭოს დირექტორი კეტრინ ეშბრუკი.

ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 26 სექტემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით პირველ ადგილზეა.

მიუხედავად ამისა, სოციალ-დემოკრატები და მწვანეთა პარტია მომავალი მთავრობის შექმნას უმიზნებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების 45 – ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით გამუდმებით აკრიტიკებდა.

ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების ფონზე, ვაშინგტონსა და ბერლინს შორის დაპირისპირებული ინტერესები მაინც რჩება.

“ჩრდილოეთის ნაკადი ორი ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისათვის სათუთი საკითხია. მე ამ პროექტს დიდი ხანია ვეწინააღმდეგები, მათ შორის პრეზიდენტად არჩევამდეც, ობამას ადმინისტრაციის პირობებში ვიცე-პრეზიდენტის რანგშიც”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ანგელა მერკელის ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკური მიზანი მისი სახელმწიფოსათვის ისეთი გეოპოლიტიკური მოცემულობის თავიდან აცილებაა, რომლის პირობებშიც ევროკავშირს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend