მთავარიამერიკააშშშესაძლო სანქციები და ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება

შესაძლო სანქციები და ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში არსებულ ვითარებას აკვირდება

დგას თუ არა საქართველო ან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები ამერიკული სანქციების წინაშე? ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა განცხადება გააკეთა. პრაისის თქმით, საქართველოს მეგობარი ამერიკა არ გამორიცხავს მათ შორის სანქციებსაც, თუ კი ამის აუცილებლობა დადგება, მანამ კი ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით აკვირდებიან.

,,ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ ვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ვადევნებთ. გვინდა, დავინახოთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები საქართველოში პასუხს აგებენ”- განაცხადა პრაისმა.

ამ განცხადების შემდეგ, ქართულ პოლიტიკურ წრეებში სანქციების თემაზე საუბრები დაიწყო. ოპოზიცია მიიჩნევს, ქვეყნის პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრებმა მომხდარ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხიმგებლობა უნდა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ დასავლური სანქციების დაწესება გახდეს აუცილებელი.

სავსებით რეალურია, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენელს. ეს, რომ რეალური არ იყოს, სანქციებზე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ საუბრობენ, ვიდრე ეს ძალიან რეალური არ ხდება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და  „ქართული ოცნება“, მისი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია, დაადგნენ ლუკაშენკოს და თურქმენეთიზაციის გზას. რა თქმა უნდა, შედეგებიც არ დააყოვნებს, მათ მოუწევთ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

მმართველი გუნდის დეპუტატებმა ნედ პრაისის განცხადებაში, სანქციების შესაძლო დაწესების ტექსტი ვერ ამოიკითხეს. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ დასავლეთი საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურ დახმარებას გააგრძელებს.

„სანქციებზე პრაქტიკულად საუბარი არ ყოფილა. ადამიანმა გარკვევით თქვა და წინასწარ საუბრისგან საერთოდ თავი შეიკავა. იგივე შეიძლება ითქვას პრემიერ-მინისტრის გადადგომა-არგადადგომის საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებებს, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოქმედებებთან, ერთი მკაფიოდ დაგმობასთან დაკავშირებით და მეორე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან, რეაგირებასთან დაკავშირებით ეს ერთი-ერთზე ემთხვევა იმ განცხადებებს, რომელიც მათ შორის ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა მთელი ამ დღეების განმავლობაში 5 ივლისიდან მოყოლებული“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხელ სარჯველაძემ.

საქართველოში 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის შემდეგ, დასავლეთიდან კრიტიკის, სამძიმრისა და რჩევების ნაკადი წამოვიდა. გაკეთებული განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი და აშშ საქართველოს და აქ არსებულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს, განსაკუთრებით აკვირდება. რას გადაწყვეტს დასავლეთი, ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე იქნება დამოკიდებული.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend